ლევან კობიაშვილმა ზუგდიდისა და ფოთის სტადიონები დაათვალიერა
ლევან კობიაშვილმა ზუგდიდისა და ფოთის სტადიონები დაათვალიერა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სამეგრელოში იმყოფებოდა და ზუგდიდისა და ფოთის სტადიონები დაათვალიერა.

ზუგდიდში 7 400 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ააშენეს, რომელიც უეფა-ს მესამე კატეგორიის უნდა ყოფილიყო. მშენებლობის პირველ ეტაპზე შვიდი მილიონი ლარი დაიხარჯა, მთავარი არენის მოედანი და ტრიბუნები აშენდა, მაგრამ ხარვეზები აღმოჩნდა და ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილება დღემდე არ იბარებს. კობიაშვილმა და ფეხბურთის ფედერაციის სხვა წარმომადგენლებმა კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრეს, რათა სტადიონების ლიცენზირების პრობლემა არ შეიქმნას.

ამის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფოთში გადაინაცვლა, სადაც „ფაზისის“ სტადიონის მშენებლობა სრულდება. კობიაშვილთან ერთად, სტადიონზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სტადიონის მშენებლობის პროექტს, რომლის ღირებულებაც 1,863 მილიონი ლარია, კომპანია „ელიტა ბურჯი“ ახორციელებს. სტადიონის მშენებლობა რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. მოედნის საფარის დაგებასა და სადრენაჟე სისტემების დამონტაჟებას კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აფინანსებს.