ლევან კობიაშვილმა ვეტერან დინამოელებს მიმართა - „დღესაც ბავშვებს თამაშის სურვილი თქვენი მიღწევების გამო უჩნდებათ“ (ვიდეო)

„ტაიმაუტის“ დღევანდელი გადაცემა 1981 წლის 13 მაისს, თბილისის „დინამოს“ წარმატებას მიეძღვნა.

გადაცემის სტუმარმა, სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ქართული ფეხბურთისთვის ამ თარიღის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

„ჩემთვის დიდი პატივია, გადაცემაში თქვენთან ერთად რომ ვიმყოფები. კიდევ ერთხელ მინდა, დღევანდელი თარიღი მოგილოცოთ. მე ყოველთვის გვერდში დაგიდგებით, რადგან ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ეს ისტორია შექმენით. თქვენთვის მადლობა ბევრჯერ გადამიხდია და ამას კიდევ ერთხელ გავაკეთებ, რადგან ჩემს და შემდგომ თაობებს უდიდეს სიხარული გვაჩუქეთ და თქვენი წარმატებებით ვიზრდებოდით. თუ დღეს ბავშვებს ფეხბურთის თამაშის სურვილი უჩნდებათ, მათი მოტივაცია თქვენი მიღწევებია. ჩემს ბავშვობაშიც ასე იყო. მეამაყება, რომ ჩემი უფროსი მეგობრები და მასწავლებლები ხართ. მე რომ ფეხბურთელი გავხდი და პიროვნებად ჩამოვყალიბდი, თქვენი დამსახურებაა. (იცინის) გოლს რომ გავიტანდით, ვიძახდით, გუცაევი ვარ, შენგელია ვარ, ჩივაძე ან ყიფიანი… ფეხბურთელი იმიტომ გავხდი, რომ მსურდა ამ ადამიანების მსგავსი ვყოფილიყავი. მათ გარეშე ის ვერ გავხდებოდი, ვინც გავხდი“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

მან ახალი თაობის გამოწვევაზეც ილაპარაკა: „თქვენ თაობების შესახებ ილაპარაკეთ. შანსი ჩვენს თაობასაც ჰქონდა. სამწუხაროდ, ისე ვერ მოხდა, როგორც გვსურდა. მე დღესაც ვამბობ, რომ ეს ჩემი ყველაზე დიდი ტკივილია, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების სახელით დიდ წარმატებას ვერ მივაღწიე. უცხოეთში ძლიერ კლუბში თამაში და წარმატება კარგია, მაგრამ შენი ქვეყნის სახელით წარმატებას რომ აღწევ, ეს განსაკუთრებული მომენტია. რითვისაც ფეხბურთს ვთამაშობდი, ყველაზე მეტად დამაკლდა და ჩემს ყველაზე დიდ ტკივილად დარჩება. ამიტომ მომავალ თაობებს მინდა ვუსურვო, რომ წარმატებულები იყვნენ და კარიერა ჩემნაირი განცდით არ დაასრულონ“.

სრულად გადაცემა ნახეთ ბმულზე.