ლევან კობიაშვილმა ფეხბურთის ფედერაციაში გატარებული ოთხი წელი შეაჯამა [ფოტო]
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მედიის შეკითხვებს თავის გუნდთან ერთად უპასუხა. შეჯამდა განვლილი ოთხი წელი, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც.
შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს იმ წარმატებებსა თუ მიღწევებზე რაც ქართულ ფეხბურთში ამ ოთხი წლის მანძილზე მოხდა „ერთა ლიგაზე“ ვლადიმირ ვაისის გუნდმა მხოლოდ ერთი ფრე ითამაშა, ყველა დანარჩენი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. ასევე ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა, შედეგი კი უპრეცედენტო და ისტორიულია.
ასევე ხაზი გაესვა საქართველოს არაერთ რაიონში სტადიონების და ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მოწესრიგებას. ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, რუსთავი, საგარეჯო, თბილისი, მარტვილი, წყალტუბო, ეს იმ ქალაქების არასრული ჩამონათვალია, სადაც საფეხბურთო არენები აშენდა და გარემონტდა, გაიხსნა ბავშვთა აკადემიებიც. ამ ტენდენციის მიუხედავად ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ეს მიმართულება კვლავ რჩება.
ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატმა, თბილისში „ევროპა ლიგის“ ფინალის მასპინძლობაზეც ისაუბრა. მიმდინარე წელს გაირკვევა სად გაიმართება 2021 წლის „ევროპა ლიგის“ ფინალი. მასპინძლობის მსურველთა სიაში სევილიასთან და ვენასთან ერთად თბილისიცაა. საქართველოს დედაქალაქი 2019 წელს ამპუტანტთა „ჩემპიონთა ლიგის“ ჯგუფურ ეტაპსაც უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ ლევან კობიაშვილია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართულ ფეხბურთის კიდევ უფრო განვითარებისთვის, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მეორე ვადით კვლავ იგივე გუნდი იმუშავებს.


