ლევან კობიაშვილი - ვარკეთილის კომპლექსით სკოლები უფასოდ ისარგებლებენ
ლევან კობიაშვილი - ვარკეთილის კომპლექსით სკოლები უფასოდ ისარგებლებენ

ვარკეთილში მიმდინარე საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით კომენტარი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააკეთა.

„დაახლოებით ერთი წელია, რაც ეს ტერიტორია გადმოგვეცა და ამისთვის დედაქალაქის მთავრობას და ადგილობრივ თვითმმართველობას დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო. ჩვენი მხრიდან ავიღეთ ვალდებულება, რომ პროექტს განვახორციელებდით. აღსანიშნავია, რომ მშენებლობა მოზიდული თანხებით ხორციელდება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თეთრიც არ იხარჯება. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ საფეხბურთო კომპლექსი FIFA-ს FORWARD-ის პროგრამის თანადაფინანსებით შენდება. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა ფეხბურთისთვის, რადგან ვარკეთილში არსებულ ყველა საფეხბურთო სკოლას, საშუალება მიეცემა, გამართული სპორტული ინფრასტრუქტურით სრულიად უფასოდ ისარგებლოს” – აცხადებს ლევან კობიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კომპლექსი ვარკეთილი 3-ის IV მიკრორაიონში შენდება. დაგეგმილია ახალი თაობის ხელოვნური საფარის დაგება, 220-250 ლუქსიანი განათების სისტემის მონტაჟი და 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნების აშენება, ასევე არასტანდარტული ხელოვნურსაფარიანი დამხმარე მოედნის და გასახდელების მოწყობა.

პროექტის საერთო ღირებულება კი, 2,1 მილიონი ლარია. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო, რომლის თქმითაც, მსგავსი მოედნები დედაქალაქის ყველ უბანში გაკეთდება.