ლევან კობიაშვილი უეფა-ს აღმასკომის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას #1TVSPORT
ლევან კობიაშვილი უეფა-ს აღმასკომის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას #1TVSPORT

ლევან კობიაშვილი 2023 წელს უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტზე ინფორმაციას სფფ-ს პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა წლის შემაჯამებელი აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს, რომელიც დღეს აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს გავაცანით. 2023 წელი საარჩევნო წელია უეფა-სა და ფიფა-ში. შესაბამისად, უეფა-ში გაიმართება როგორც პრეზიდენტის, ისე აღმასრულებელი კომიტეტის წევრების არჩევნები.

ფეხბურთის ფედერაციის ისტორიაში პირველად, გადავწყვიტეთ, რომ უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრობაზე სფფ-ის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის კანდიდატურა წარვადგინოთ. აღნიშნულთან დაკავშირებით, უკვე ვაცნობეთ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს. ლევან კობიაშვილის კანდიდატურას უეფა-ს მიერ დადგენილ ვადებში ოფიციალურად შევიტანთ.

მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს კანდიდატს. ის პროექტები, რომლებიც მისი პრეზიდენტობის 7-წლიან ვადაში განვახორციელეთ, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ. ჩვენი მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ, პირველად ისტორიაში, ქართველი გახდეს უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი“, – განაცხადა დავით მუჯირმა.

უეფა-ს აღმასკომის წევრებს უეფა-ს კონგრესზე 4 წლის ვადით ირჩევენ. უეფა-ს 2023 წლის კონგრესი 5 აპრილს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება.