ლევან კობიაშვილი - სტადიონებზე ქომაგის არდაშვება მეტი საფრთხის შემცველი იყო
ლევან კობიაშვილი - სტადიონებზე ქომაგის არდაშვება მეტი საფრთხის შემცველი იყო

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ეროვნული ლიგის განახლებაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ ყველა დაგეგმილი ტურნირი გაიმართება.

„დიდი ხანია, რაც ჩემპიონატი განვაახლეთ. მიმაჩნია, რომ ეს სპორტის სხვა სახეობებისთვის მოტივაციაა. გულშემატკივრისთვის სტადიონზე დასწრება ძალიან მნიშვნელოვანია. მანამდე ყველამ იხილა, რომ ხალხი სტადიონის გარშემო იკრიბებოდა, სახურავებზე და ღობეებზე ადიოდა. ეს უსაფრთხო ვერ იქნება. მეორეც – ასეთ სიტუაციაში ხალხი ერთმანეთთან უფრო კონტაქტშია. ამაზე ხელისუფლებასთან და სპეციალისტებთან ვისაუბრე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სტადიონზე ხალხი დაგვეშვა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია“ – განაცხადა „ტაიმაუტში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ლევან კობიაშვილის თქმით, სფფ-ს ეგიდით დაგეგმილი ტურნირები არ გაუქმდება: „ახლა უკვე მიმდინარეობს ეროვნული ლიგის, ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის გათამაშებები და ფუტსალის ჩემპიონატი. მალე ყველა სხვა ტურნირი განახლდება, მათ შორის, მოყვარულთა ჩემპიონატი“.