ლევან კობიაშვილი – სამოყვარულო და მასობრივი ფეხბურთი ჩვენი მთავარი ფუნდამენტია და მზად ვართ, კვლავ გვერდში დავუდგეთ #1TVSPORT

17:01, 03.02.2026

სამოყვარულო ფეხბურთი ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და ფეხბურთის ფედერაცია მის განვითარებას მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მოყვარულთა ლიგის კლუბებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პროექტია, რომელსაც განსაკუთრებულად ვაფასებთ. ახალი სეზონი იწყება და ვისაუბრეთ, როგორ გვსურს ამ მიმართულებით განვითარება. ჩართული გუნდების რაოდენობა იზრდება, მოთხოვნა კი ძალიან დიდია. მზად ვართ, კვლავ გვერდში დავუდგეთ და განვავითაროთ ეს სფერო, რადგან სამოყვარულო და მასობრივი ფეხბურთი ჩვენი მთავარი ფუნდამენტია და, შესაბამისად, ყველაფერი სწორედ მასზე დგას“, – აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

შეხვედრაზე განხილული იყო მოყვარულთა ლიგის ირგვლივ არსებული აქტუალური საკითხები და გამოწვევები. ფედერაციის პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოხატა სამოყვარულო ფეხბურთის განვითარებაში ჩართული თითოეული ადამიანის მიმართ და ხაზი გაუსვა, რომ ქართული საფეხბურთო პირამიდის პირველი საფეხურის განვითარება ქვეყნის საფეხბურთო ეკოსისტემისთვის უმნიშვნელოვანესია.

მსგავსი