ლევან კობიაშვილი - რეაბილიტირებული სტადიონი „საბურთალოსაც“ დაეხმარება და მთლიანად ქართულ ფეხბურთსაც #1TVSPORT
ლევან კობიაშვილი - რეაბილიტირებული სტადიონი „საბურთალოსაც“ დაეხმარება და მთლიანად ქართულ ფეხბურთსაც #1TVSPORT

ლევან კობიაშვილი „ბენდელას“ განახლებულ სტადიონს ესტუმრა, სადაც ახალი საფარი დააგეს. სტადიონი, რომელიც აფხაზეთის ომში გმირულად გარდაცვლილი ზაზა ბენდელიანის სახელს ატარებს, იჯარით წლების წინ „საბურთალომ“ აიღო.

ბენდელა“ ბოლო დღეებში მეორე სტადიონია, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ხალიჩა დააგო. სფფ-ს პრეზიდენტის თქმით, ინფრასტრუქტური პროექტები პრიორიტეტული მიმართულებაა.

„ბევრმა იცის, რა დატვირთვას ატარებს „ბენდელას“ სტადიონის სახელი. „საბურთალოს“ აკადემია, რომელიც უკვე მრავალი წელია, აღნიშნულ მოედანს იყენებს, აქტიურად ეხმარება ქართულ ფეხბურთს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ფეხბურთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დახმარებით მთლიანად შეიცვალა და მოწესრიგდა მოედნის საფარი. რეაბილიტირებული სტადიონი „საბურთალოს“ სკოლასა და აკადემიას ბავშვების სწორად განვითარებაში დაეხმარება. ამით კი, მთლიანად ქართული ფეხბურთი ისარგებლებს“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

სფფ-ს პრეზიდენტმა „საბურთალოს“ როლზე ილაპარაკა:

„მსურს ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო „საბურთალოს“ აკადემიას ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. აღნიშნული აკადემიის აღზრდილები აქტიურად ავსებენ ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს. ბოლო წლების განმავლობაში ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად ეხმარება ბავშვთა ფეხბურთს, აღნიშნული პროექტი სწორედ ამ დახმარების შემადგენელი ნაწილია. ეს პროცესი არამარტო დედაქალაქში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. უამრავი სტადიონის რეაბილიტაცია უკვე განხორციელდა, თუმცა ჩვენ კიდევ უფრო მეტის სურვილი გვაქვს“.

„საბურთალოს“ აკადემია სამედიცინო ინივერსიტეტის კუთვნილ „ბენდელას“ სტადიონზე 20 წლის წინ გადავიდა, ძველი საფარი საფარი კი მომავალი თაობების გაზრდას 11 წელი ემსახურებოდა. ახალი საფარი ბოლო თაობის ხელოვნური ხალიჩაა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით დააგეს.

აღსანიშნავია, რომ „საბურთალომ“ მარტო სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ფეხბურთელთა რეკორდული რაოდენობა, 25 მოთამაშე გაუშვა.