ლევან კობიაშვილი - მსგავსი მასშტაბის ტურნირი ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ ჩატარებულა
ლევან კობიაშვილი - მსგავსი მასშტაბის ტურნირი ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ ჩატარებულა

 

ლევან კობიაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოსთვის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მინიჭებაზე – გადაწყვეტილება დღეს უეფა-ს აღმასკომმა მიიღო.

უეფა-სგან სასიხარულო ინფორმაცია მივიღეთ – მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს. მსგავსი მასშტაბის ტურნირი ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ ჩატარებულა. ასევე, ვულოცავ ჩვენ რუმინელ კოლეგებს მასპინძლობის უფლების მოპოვებას. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ისევე როგორც რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრები, ჩვენი გუნდი ავტომატურად მიიღებს ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას. ტურნირის მასპინძლობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება საქართველოში ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. ჩვენი ახალგაზრდებისთვის კი ეს იქნება უდიდესი გამოცდილება, რასაც სამომავლოდ გამოიყენებენ ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.

სფფ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველოში ამ ტურნირის უმნიშვნელოვანესი მატჩები გაიმართება.

„ჩემპიონატის ფინალური მატჩი საქართველოში გაიმართება. ბათუმის არაჩვეულებრივი ახალი სტადიონი ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს. ეს არის კიდევ ერთხელ დასტური ჩვენი და უეფა-ს წარმატებული თანამშრომლობისა და მხარდაჭერის ჩვენი და ზოგადად ქართული ფეხბურთის მიმართ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართული ფეხბურთის თითოეულ გულშემატკივარს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რადგან მსგავსი დონის ტურნირისთვის ჩვენს ქვეყანას არ უმასპინძლია“, – აცხადებს კობიაშვილი.

უეფა-ს აღმასკომის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატი ორ ქვეყანაში საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. 16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა – საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს.

ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა ფინალური მატჩი ბათუმის სტადიონზე შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს. ჯგუფური შეხვედრები 4 სტადიონზე გაიმართება: მათ შორის ბათუმში, ფოთსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო-არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი).

დატოვე კომენტარი