ლევან კობიაშვილი - კვარაცხელიას არყოფნა დიდი დანაკლისია, ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ აქცენტი მარტის უმნიშვნელოვანეს მატჩზე უნდა გავაკეთოთ #1TVSPORT
ლევან კობიაშვილი - კვარაცხელიას არყოფნა დიდი დანაკლისია, ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ აქცენტი მარტის უმნიშვნელოვანეს მატჩზე უნდა გავაკეთოთ #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად“ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებულ შეცდომაზე ისაუბრა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2024 წლის 21 მარტს ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს დაუპირისპირდება, მაგრამ „ჯვაროსნების“ ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია გუნდს ვერ დაეხმარება. მიზეზი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მიღებული სამი ყვითელი ბარათია, რომლის შესახებაც ფეხბურთელები წინასწარ ნაკრების მენეჯერმა არ გააფრთხილა.

„ცხადია, ძალიან დიდი და უხეში შეცდომა მოხდა და ამაზე ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ვწუხვართ. ხვიჩა განსაკუთრებული ფეხბურთელია და მისი არყოფნა დიდი დანაკლისია. ცუდი ფაქტია, რაც ადამიანური შეცდომით იყო გამოწვეული, მაგრამ ამას ვეღარაფერს ვუშველით. ახლა, ჩემი აზრით, მთავარია, 21 მარტს ჩასატარებელი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მოვემზადოთ. აქამდე ერთიანობით მოვედით, ყველამ ერთად დავიმსახურეთ და შევქმენით ის ფაქტი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩი უნდა ჩავატაროთ. მეორედ გვეძლევა შანსი, მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე.

დარწმუნებული ვარ, ჩვენ ისეთი ძლიერი და მობილიზებული გუნდი გვყავს, რომ 21 მარტის შეხვედრაში გამარჯვებას შეძლებს.

მომხდარს არანაირი ახსნა არ აქვს და არც უნდა მომხდარიყო, თუმცა მოხდა და ამას ვეღრ შევცვლით. ამიტომ დღეს ჩვენთვის მთავარია, ვიფიქროთ მომავალზე – რამდენიმე თვეში ასეთი მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და ზუსტად ეს ერთიანობა გვჭირდება დღეს, რომ 21 მარტის მატჩამდე მომზადებულნი მივიდეთ“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.