ლევან კობიაშვილი - ხაშურის სტადიონი მთელი რეგიონისთვის სამაგალითო იქნება
ლევან კობიაშვილი - ხაშურის სტადიონი მთელი რეგიონისთვის სამაგალითო იქნება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე ხაშურს ესტუმრნენ, სადაც საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს.

მათთან ერთად იმყოფებოდნენ შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები.

პროექტის თანახმად, ხაშურში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონი აშენდება, სადაც იქნება კარგი ხარისხის მოედანი, 2000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, დამონტაჟდება განათების სისტემა, აშენდება დამხმარე შენობა-ნაგებობები, ავტოსადგომი, გამწვანების ზოლი და საფეხმავლო ბილიკები.

პროექტი ასევე ითვალისწინებს საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას (დრენაჟი, წყალმომარაგება, კანალიზაცია, გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია, ელექტრობა) და ტერიტორიის კეთილმოწყობას. მშენებლობის დასრულება 2020 წლის შემოდგომაზე იგეგმება. სტადიონის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

„ამ არაჩვეულებრივი პროექტის დასრულება 2020 წლის შემოდგომაზე იგეგმება. პროექტი მოიცავს სტანდარტული საფეხბურთო ზომის მოედნის მოწყობას იმ საჭირო ინფრასტრუქტურით, რაც თანამედროვე სტადიონს სჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ, ხაშურის არენა არა მხოლოდ ამ ქალაქისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის სამაგალითო იქნება და საფეხბურთო ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობას კიდევ უფრო გაზრდის“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.