ლევან კობიაშვილი - კასპში სტადიონის აშენება ფეხბურთის განვითარებას ხელს შეუწყობს
ლევან კობიაშვილი - კასპში სტადიონის აშენება ფეხბურთის განვითარებას ხელს შეუწყობს

კასპში ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა იწყება. დღეს რეკონსტრუქციის სამუშაოების დაწყების პრეზენტაცია გაიმართა და საძირკველში სპეციალური კაფსულა ჩაუშვეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, შიდა ქართლის მხარის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, პარლამენტარები მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი (კასპის მაჟრიტარი).

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, არენა საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აშენდება და უეფას მეორე კლატეგორიის იქნება. დაიგება ხელოვნურსაფარიანი მოედანი, დამონტაჟდება ხელოვნური განათება, მოეწყობა 500 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნა.

„ეს სტადიონი ხელს შეუწყობს კასპსა და რეგიონის ახლომდებარე სოფლებში ფეხბურთის განვითარებას. ბევრი ბავშვია, რომელთაც ფეხბურთი უყვართ და ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ, რომ ითამაშონ და ნიჭი გამოავლინონ. ვისურვებდი, რომ საქართველოს ნაკრებში ბევრ მათგანს ეთამაშოს. მაგრამ მთავარი ჯანსაღი ცხოვრებსი წესის დანერგვაა, ამას მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ მოვახერხებდით, რომ არა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა. მათ პროექტის ერთობლივად განხორციელების სურვილი გამოხატეს. ჩვენის მხრივ, ისევე როგორც სხვა ქალაქებში, ხელოვნურ საფარს კასპშიც გავაკეთებთ” – ამბობს ლევან კობიაშვილი.