ლევან კობიაშვილი - კანკავა სიმბოლოა, თუ როგორი უნდა იყოს ნაკრების ფეხბურთელი #1TVSPORT
ლევან კობიაშვილი - კანკავა სიმბოლოა, თუ როგორი უნდა იყოს ნაკრების ფეხბურთელი #1TVSPORT

ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ჯაბა კანკავას, რომელმაც სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნაკრების კაპიტანს მადლობა გადაუხადა:

„დღეს, ჯაბა კანკავამ 17-წლიანი სანაკრებო კარიერა დაასრულა. ეროვნული გუნდის კაპიტანს ნაკრების მაისურით კიდევ არაერთი მატჩის ჩატარება შეეძლო, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილიც გახლდათ, თუმცა ჯაბას გადაწყვეტილება ასეთია და ვალდებული ვართ, პატივი ვცეთ. მასთან ერთად ეროვნული გუნდის მაისურით არაერთი მატჩი მითამაშია და ძნელად მახსენდება ფეხბურთელი, რომელიც ასე სწორად მიესადაგებოდა იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც მინდორზე ეროვნული გუნდის მაისურით გასვლა ჰქვია“, – წერს კობიაშვილი.

სფფ-ის პრეზიდენტის თქმით, ჯაბა კანკავა პროფესიონალიზმის სიმბოლოა: 

„ჯაბა კანკავა სამაგალითო იყო ნაკრების თითოეული წევრისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, რომლებსაც თავისი ქცევით და საქმისადმი დამოკიდებულებით, სანაკრებო ფეხბურთის სირთულეების დაძლევაში ეხმარებოდა. შრომა, თავდადება და პასუხისმგებლობის გრძნობა – ამ ღირებულებების მატარებელი ჯაბა, პირადად ჩემთვის, როგორც რიგითი გულშემატკივრისთვის, ყოველთვის დარჩება იმის სიმბოლოდ, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი“.