ლევან კობიაშვილი - გამიხარდებოდა, პრეზიდენტობისთვის სხვა კანდიდატებსაც რომ ებრძოლათ #1TVSPORT
ლევან კობიაშვილი - გამიხარდებოდა, პრეზიდენტობისთვის სხვა კანდიდატებსაც რომ ებრძოლათ #1TVSPORT

16 იანვარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი ლევან კობიაშვილმა გააკეთა.

სფფ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა. კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა, კანდიდატურა კი მხოლოდ კობიაშვილმა წარადგინა – ის აღნიშნულ პოზიციაზე სფფ-ის 29 სუბიექტმა დაასახელა.

„დღევანდელ აღმასკომზე საარჩევნო ყრილობაზე იყო საუბარი. ყრილობა 4 თებერვალს სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება. ფეხბურთის ფედერაციას 31 სუბიექტი ჰყავს და, შესაბამისად, არჩევნებში 31 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. ჩემთვის პატივია, რომ 29 დელეგატმა წარმადგინა, მადლობა მინდა, თითოეულ მათგანს გადავუხადო ამ ნდობისთვის, რაც ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

სფფ-ს პრეზიდენტმა პასუხი გასცა კითხვაზე, რატომ არის ერთადერთი კანდიდატი: „ასე იყო 4 წლის წინ ჩატარებულ არჩევნებზეც. ვისურვებდი, რომ სხვა კანდიდატებიც ყოფილიყვნენ, რადგან ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის კარგია. ხელისუფლების კანდიდატი ვარ? არ ვიცი, ვისი ფავორიტი ვარ, მაგრამ ვიმეორებ – გამიხარდებოდა, პრეზიდენტობისთვის სხვა კანდიდატებსაც რომ ებრძოლათ“.

ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტს 4 თებერვალს სფფ-ის 33-ე ყრილობაზე აირჩევენ. არჩეული კანდიდატი აღნიშნულ თანამდებობას მომავალი 4 წლის განმავლობაში დაიკავებს.