ლევან კობიაშვილი - ფეხბურთის ფონდი თუ არ იქნება, ფული ადრინდელივით გაურკვევლად დაიხარჯება
ლევან კობიაშვილი - ფეხბურთის ფონდი თუ არ იქნება, ფული ადრინდელივით გაურკვევლად დაიხარჯება

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ხომ არ შეწყდება 2021 წლიდან ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის და აქედან გამომდინარე, გუნდების დაფინანსება, უპასუხა:

„კლუბებს მთლიანად სახელმწიფო არ აფინანსებს, თუმცა, ცხადია, ბევრი კლუბი სწორედ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით არსებობს და ეს მნიშვნელოვანია. თუმცა, პანდემიის გამო ფონდის დაფინანსება თითქმის ორჯერ შემცირდა“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ლევან კობიაშვილმა.

სფფ-ის პრეზიდენტის თქმით, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის არარსებობის შემთხვევაშიც კლუბებზე ფული მაინც დაიხარჯება.

„სახელმწიფო ფეხბურთს რა სახითაც ეხმარება, ეს იდეალური ვარიანტია. ფონდი რომ არ იყოს, ეს თანხები (საკლუბო ფეხბურთში) მაინც დაიხარჯება და ადგილობრივი მინიციპალიტეტები გუნდებს დააფინანსებენ, როგორც ეს წლების წინ ხდებოდა. მაგრამ ფული ისევე გაურკვევლად დაიხარჯება და ვერავინ გავიგებთ, სად წავა“ – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

მისი აზრით, საუკეთესო ვარიანტი თვითკმარი კლუბების არსებობაა, რაც ჯერ მხოლოდ პერსპექტივაშია:

„ჩემი ხედვაა, რომ კლუბები თვითკმარი იყვნენ და საკუთარი თავი დააფინანსონ, როგორც ფეხბურთში, ასევე სხვა სახეობებში. ამისთვის მეტი კერძო ინვესტიცია გვჭირდება. ეს ნიშნავს ავტომატურად მეტ ლეგიონერს და უკეთესი დონის ეროვნულ ჩემპიონატს. მაგრამ აქამდე უნდა მივიდეთ. ვიმეორებ, მეტი კერძო ინვესტიცია გვესაჭიროება. მაგრამ მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებულები ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე“.