ლევან კობიაშვილი - ევრო 2023-ის ინფრასტრუქტურა ფეხბურთის განვითარებაში დაგვეხმარება #1TVSPORT
ლევან კობიაშვილი - ევრო 2023-ის ინფრასტრუქტურა ფეხბურთის განვითარებაში დაგვეხმარება #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა კომენტარი გააკეთა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, ევრო 2023-ისთვის, რომელსაც საქართველო რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყება, ამ მიზნით კი 100 მილიონი ლარი გამოიყო.

„მომავალ წელს საქართველო ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სანაკრებო ჩემპიონატს მასპინძლობს. ჩვენი ქვეყანა 2023 წლის ივლისში მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ქვეშ იქნება. იმისათვის, რომ შევძლოთ ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე მასპინძლობა, საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია სათამაშო და სავარჯიშო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას მხარდაჭერისთვის. აღნიშნული ტურნირის მასპინძლობისთვის სახელმწიფოს მხრიდან უდიდესი ინვესტიცია განხორციელდება“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.

2023 წელს უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურნირია, რომელიც საქართველოში გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, რომ ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად, სპორტული ინფრასტრუქტურა აშენდება ან რეაბილიტაცია დაიწყება თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში. დაგეგმილია სავარჯიშო მოედნების რეკონსტრუქცია და ახალი სტადიონების პროექტირება-მშენებლობა. კობიაშვილის თქმით, ეს პროექტები ქართული ფეხბურთის განვითარებას წაადგება.

„მთავრობის მხარდაჭერით 12 საფეხბურთო ობიექტი განახლდება და ახალი აშენდება. რაც, რა თქმა უნდა, დაეხმარება ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები საშუალებას მოგვცემს მომავალშიც არაერთ საერთაშორისო დონის ღონისძიებას ვუმასპინძლოთ. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მასპინძლის სტატუსით პირველად ითამაშებს მსგავსი დონის ჩემპიონატზე, რაც ჩვენი ახალგაზრდებისთვის უდიდესი გამოცდილება იქნება. აქვე აღსანიშნავია, ევროპული საფეხბურთო ფორუმის ფინალი სწორედ ბათუმში გაიმართება“, – განაცხადა კობიაშვილმა.

უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისამდე უმასპინძლებენ. ორივე ქვეყანა ევროპის 16 ნაკრებ გუნდს მიიღებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ჯგუფებში თანაბრად გადანაწილდება. საქართველოში 16 მატჩი გაიმართება. ჯგუფური და მეოთხედფინალური მატჩების თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება, ხოლო ევრო 2023-ის ფინალს ბათუმის „აჭარაბეთ არენა“ უმასპინძლებს.