ლევან კობიაშვილი - „ბოლო წლებში ფეხბურთის მასობრიობაში წინსვლაა“
ლევან კობიაშვილი - „ბოლო წლებში ფეხბურთის მასობრიობაში წინსვლაა“

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე , უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეული გაიხსნა. ღონისძიებებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ) თბილისსა და სხვადასხვა რაიონებში ჩაატარებს.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებისა და საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეების მონაწილეობით სხვადასხვა სახის სავარჯიშო და გასართობი აქტივობები ჩატარდა. ფესტივალში ჩართული გოგონები ივლისში გამართული საზაფხულო ბანაკის მონაწილეები არიან.

„უეფას კვირეული გამორჩეული პროექტია, რადგან ფეხბურთში მასობრიობა მნიშვნელოვანი საკითხია. ბოლო წლებში, ამ კუთხით წინსვლა გვაქვს. მაგრამ ამით დაკმაყოფილება არ შეიძლება. გვსურს, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ და ფეხბურთი კიდევ უფრო მასობრივი და პოპულარული გახდეს. უეფას ფეხბურთის კვირეული, დაგგემილი ღონისძიებები, რაიონებში გასვლები და მოედნების განახლება ამ მიზანს ემსახურება. ღონისძიებები კი შემდეგ კვირას თბილისში ჩემი საყვარელი ტურნირით, მამების თასით დასრულდება“ – ამბობს სფფ-ს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

ნიკა ჯღარკავა, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი: „ფეხბურთის მასობრიობის კლება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, აღმოსავლეთ ევროპის ბევრ სხვა ქვეყანასაც აწუხებს. სექტემბრის ბოლო კვირას, ტრადიციულად, ევროპაში სპორტის მასობრიობის ღონისძიებები ტარდება და უეფა და ჩვენ, როგორც ევროპული ფეხბურთის ნაწილი, კვირეულს საფეხბურთო ღონისძიებებით ვუერთდებით“.

შემდეგი ღონისძიებები გაიმართება საქართველოს რეგიონებშიც, ხოლო ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურსა და სამტრედიის რაიონის სოფელ ჩხენიში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები სოფლის მოედნების განახლებაში მიიღებენ მონაწილეობას,

უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეული 29 სექტემბერს, 12:00 საათზე თბილისში „დავით პეტრიაშვილის არენაზე“ დაიხურება, სადაც „მამების თასის“ ტრადიციული გათამაშება შედგება.