ლევან კობერიძე - დარბაზში შემოვიდა ხელისუფლების მაშველი რგოლი „ნაცმოძრაობა“ და აღარ ვხედავ აზრს, თქვენ ფსევდოინტელექტუალურ პოლიტიკურ ცეკვას ვუყურო
ლევან კობერიძე - დარბაზში შემოვიდა ხელისუფლების მაშველი რგოლი „ნაცმოძრაობა“ და აღარ ვხედავ აზრს, თქვენ ფსევდოინტელექტუალურ პოლიტიკურ ცეკვას ვუყურო

დარბაზში შემოვიდა ხელისუფლების მაშველი რგოლი „ნაცმოძრაობა“ და აღარ ვხედავ აზრს, თქვენ ფსევდოინტელექტუალურ პოლიტიკურ ცეკვას ვუყურო, – მიმართა დეპუტატებს პარლამენტის წევრმა ლევან კობერიძემ პარლამენტის სხდომაზე, სადაც მთავრობის დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ.

„გუშინ „ქართული ოცნების“ წევრმა ნინო წილოსანმა კარგი კითხვა გკითხათ კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებით. მინდა, გითხრათ, რომ თქვენმა პასუხმა გამაოცა, ადამიანური კაპიტალიო. ეტყობა, ეს საკითხი ბოლომდე არ გაქვთ შესწავლილი ეკონომიკის მიმართულებით. სამწუხაროდ, არ არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, ადამიანური კაპიტალი.

მამუკა ბახტაძის რაც მომწონდა, ის რომ მის პროგრამაში გაჟღერდა ადამიანური კაპიტალი, ეს კარგი თემაა. ჩვენ ჯერ ეს არ გვაქვს. თქვენ არეული ხართ კონცეფციებში. ეკონომიკაში გვიჭირს, როგორც ვხედავთ.

მე თქვენი ბოდიში არც მჭირდება, მე წერილი გამოგიგზავნეთ დეპუტატმა, უნდა მიპასუხოთ კანონი უნდა აღასრულოთ. თქვენი ბოდიშით სადაც გასულხართ ფონს იოლად იქ გადით ხოლმე შემდგომში. მე თქვე ბოდიშს არ მივიღებ რომც გადამიხადოთ“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანწილად გადახაზა ყველა არგუმენტებზე საუბრის სურვილი უმრავლესობის გამოსვლამ ლარის კურსზე..

„ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ ლარის კურსი ბამპერიაო, თურმე პირველ დარტყმას იღებს. ბამპერი ლარის კურსი კი არ არის, ჩვენი მოსახლეობის ადამიანის ჯიბეებია, რომელიც დარტყმებს იღებს.

მოსამართლეების პროცესს შაპიტოს ცირკი დავარქვი. თქვენ გინდათ, რომ ცუდები კარგები გახდნენ და თქვენ გინდათ, რომ ეს სისტემა შეინარჩუნოთ და ეს სისტემა იყო ის, რაზეც ადამიანები იყნენ აღშფოთებული და რის გამოც დაინგრა ის რაც დასანგრევი, თუ თქვენი პრემიერობის დროს ამის გაძლიერებას აპირებთ. ბიუროკრატებს ეძახით, რომლებიც უნდა გამოიყენოთ კარგად იმ მოსამართლეებს, მაშინ ღირებულებით დონეზე კიდევ უფრო დიდი ზღვარი არის და დისკუსიებსაც ნაკლები პრობლემა აქვს.

ახლა შემოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“ – თქვენი პოლიტიკური მაშველი რგოლი. ახლა, რამდენიც გინდათ, ერთმანეთთან განაგრძოთ საუბარი, ერთმანეთთან ეს კარგად გამოგდით. აღარ ვხედავ აზრს, რომ დარბაზში ვიჯდე და თქვენ ფსევდოინტელექტუალურ პოლიტიკურ ცეკვას ვუყურო“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

გამოსვლის შემდეგ, ლევან კობერიძემ სხდომათა დარბაზი დატოვა.

დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ აპირებს, რომ იყოს ადეიშვილის სისტემის მოსამართლეების დამცველი და შეინარჩუნოს ისინი სისტემაში, როგორც კვალიფიციური ბიუროკრატები.

„ამ განცხადების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც სამაშველო რგოლის დარბაზში შემოსვლის შემდეგ, მე ვთვლი, რომ იქ არაფერი მესაქმება“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.