ლევან ჯოხაძე - იმედია, „რუსთავი“ მდგომარეობას მალე გამოასწორებს #1TVSPORT
ლევან ჯოხაძე - იმედია, „რუსთავი“ მდგომარეობას მალე გამოასწორებს #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ლევან ჯოხაძემ გუნდთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ კლუბი მდგომარეობას გააუმჯობესებს.

„პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ჩემთვის დიდი პატივია ვუხელმძღვანელო საფეხბურთო კლუბ „რუსთავს“. ეს ის ქალაქია, რომელიც გამოირჩევა საფეხბურთო ტრადიციებით და ეს ის გუნდია, რომელსაც ქართული ფეხბურთისთვის ბევრი კარგი ფეხბურთელი აღუზრდია. „რუსთავი“ ახალგაზრდული გუნდია და ვფიქრობ, მათ შეუძლიათ იმ მიზნის მიღწევა, რაც ამ ეტაპისთვის აქვს გუნდს“, – ამბობს ლევან ჯოხაძე.

მისი თქმით, ყველზე დიდ მნიშვნელობას რესურსის სრულად ათვისებას ანიჭებს: 

„ჩემთვის, როგორც მთავარი მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანია არსებული რესურსის სწორად გამოყენება და როგორც აღვნიშნე, საერთო მიზნის შესრულება სრულებით რეალურია. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში გავაუმჯობესებთ თამაშის ხარისხს და გამოვასწორებთ სატურნირო მდგომარეობას. გარდა ამისა, ჩემი მიზანია, ამ გუნდს ჰქონდეს იდენტობა და თავისი სათამაშო სტილი. უნდა ვითამაშოთ ის ფეხბურთი, რომელიც გულშემატკივარს მოაწონებს, დაამახსოვრებს და შეაყვარებს თავს“.

37 წლის ახალგაზრდა სპეციალისტი ორი სეზონის განმავლობაში საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მთავარი მწვრთნელი გახლდათ. მას გუნდის ლიგა 4-ში დარჩენასა და შემდეგ ლიგა 3-ში აღზევებაში დიდი წვლილი მიუძღვის.