ლევან იოსელიანი - ვეთანხმები კელი დეგნანს, რომ სასამართლოში ამ ეტაპზე ვინმეს დანიშვნაზე საუბარი ეწინააღმდეგება შეთანხმებას
ლევან იოსელიანი - ვეთანხმები კელი დეგნანს, რომ სასამართლოში ამ ეტაპზე ვინმეს დანიშვნაზე საუბარი ეწინააღმდეგება შეთანხმებას

ვეთანხმები კელი დეგნანს, რომ სასამართლოში ამ ეტაპზე ვინმეს დანიშვნაზე საუბარი ეწინააღმდეგება შეთანხმებას, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან იოსელიანმა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, პარლამენტს აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, როგორც კონსტიტუციით, ისე 19 აპრილის შეთანხმებით, რომ შეაჩეროს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი.

„შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, სასმართლოს ფუნდამენტური რეფორმა უნდა დაიწყოს. შესაბამისად, ვიდრე რეფორმა არ განხორციელდება, ვიღაცის დანიშვნა არალოგიკურია. სრულიად ვეთანხმები კელი დეგნანს, რომ ამ ეტაპზე ვინმეს დანიშვნაზე საუბარი ეწინააღმდეგება იმ შეთანხმებას, რაც დაიდო 19 აპრილს. ეს ცალსახაა და ყველას გვესმის, რომ ეს ასეა“, – განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, შეკითხვაზე, ითვალისწინებს თუ არა ამ მოწოდებას „ქართული ოცნება“, დეპუტატმა განაცხადა: „ქართული ოცნების“ მაგივრად საუბარი გამიჭირდება. ჩვენ ვიცით შემთხვევები, როდესაც გაითვალისწინა ამერიკის ელჩის რეკომენდაცია და როდესაც არ გაითვალისწინა. ახლა რას მოიმოქმედებს, ნამდვილად არ ვიცი. სასამართლოსთან მიმართებაში „ქართული ოცნების“ არც ერთი არგუმენტი მყარი არ არის. ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში სასამართლოს მიმართ არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნები და არსებობს უნდობლობა. სასამართლოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც პერსონალურად სასმართლოს პრობლემას უქმნიან პირველ რიგში თავიანთი რეპუტაციით“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.