ლევან იოსელიანი - რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნას კონკრეტული მიზეზების გამო არ ვაწერ ხელს
ლევან იოსელიანი - რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნას კონკრეტული მიზეზების გამო არ ვაწერ ხელს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნას კონკრეტული მიზეზების გამო არ აწერს ხელს.

იოსელიანის თქმით, რიგგარეშე სხდომას პრეზიდენტი თუ მოიწვევს, დაესწრება და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.

„რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ მოთხოვნას ხელს არ ვაწერ კონკრეტული მიზეზის გამო – საკითხები, რომელიც ოპოზიციის ნაწილის მიერა მოთხოვნილი, არ არის მომზადებული იმისათვის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ყველა ის საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული რიგგარეშე სხდომაზე, არის 12-პუნქტიანი შეთანხმების ნაწილი და ვფიქრობ, ამ სივრცეში უნდა იყოს მისი განხილვა არასამთავრობო სექტორთან ერთად.

კონკრეტული პარტიების მიერ დაინიცირებული კანონპროექტებია და ყველას გვესმის, რომ მას საერთო მხარდაჭერა არ ექნება, თუ წინასწარ არ იქნება შეთანხმება. ეს შეთანხმება არ ყოფილა პარტიებს შორის. ცვლილებების მიღებას მმართველი პარტიის მხარდაჭერა სჭირდება. თუ რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზანია პოლიტიკური პერფორმანსის გამართვა, რაც აქამდე ხდებოდა ხოლმე, ასეთი რაღაცების მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რადგან შედეგზე არ არის გათვლილი. რიგგარეშე სხდომას პრეზიდენტი თუ მოიწვევს, დავესწრები, მაგრამ ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ. მეორე საკითხია, რიგგარეშე სხდომის კვორუმი იქნება თუ არა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.