ლევან იოსელიანი - მოლაპარაკება წარმატებით თუ არ დასრულდება, საკანონმდებლო ორგანოს შეკრების დღეს იქნება დიდი შეხლა-შემოხლა
ლევან იოსელიანი - მოლაპარაკება წარმატებით თუ არ დასრულდება, საკანონმდებლო ორგანოს შეკრების დღეს იქნება დიდი შეხლა-შემოხლა

პარტია „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს, საკანონმდებლო ორგანოს შეკრების დღეს, არაფერი თუ არ შეიცვლება და მოლაპარაკება წარმატებით არ დასრულდება, „იქნება დიდი შეხლა-შემოხლა“.

მან კომენტარი გააკეთა „ლელოს“ ოფისში დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ოპოზიციის სამომავლო გეგმებს ეხებოდა.

„კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგვიღია, რას და როგორ ვაპირებთ. ყველანი ვართ მესამე რაუნდის მოლოდინში, სადაც ხელისუფლებამ უნდა მოიტანოს თავისი წინადადება. ბურთი არის მათ მოედანზე და ველოდებით. სამოქმედო გეგმაზე ოპოზიცია არის ერთიანი და ერთად ვაპირებთ, გავაგრძელოთ ეს პროტესტი. გაგრძელდება აქციები, იქნება შეხვედრები სხვადახვა ჯგუფებთან, საკანონმდებლო ორგანოს შეკრების დღეს, თუ არაფერი შეიცვლება, მოლაპარაკება წარმატებულად თუ არ დასრულდება, იქნება დიდი შეხლა-შემოხლა, ამაში ეჭვი არ მეპარება, რადგან ბევრი ადამიანი გამოვა გარეთ. კონკრეტული გადაწყვეტილება ფორმებზე ან როგორ მოხდება, ამაზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია, წინასწარი მოთელვა იყო ამაზე“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით უცხოელი პარტნიორების მოწოდებებთან დაკავშირებით იოსელიანმა აღნიშნა: „ელჩებისა და პარტნიორების მოწოდებების იგნორირებას რომ არ ვახდენთ, იმიტომაც ვსხედვართ მოლაპარაკებების მაგიდასთან. იმიტომ არის, რომ მივყვებით ამ პროცესს კონსტრუქციულად და ველოდებით ახლა მათ წინადადებას, ორი რაუნდი შედგა და ახლა ჯერი მათზეა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დატოვე კომენტარი