ლევან გოგიჩაიშვილი - წინა მოწვევის პარლამენტში იყო შეთანხმება, რომ მოსამართლეებს, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის შექმნაში განსაკუთრებული მახვილი იყო, ვადას აღარ გავუგრძელებდით
ლევან გოგიჩაიშვილი - წინა მოწვევის პარლამენტში იყო შეთანხმება, რომ მოსამართლეებს, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის შექმნაში განსაკუთრებული მახვილი იყო, ვადას აღარ გავუგრძელებდით

ქალბატონ თეა წულუკიანს ცოტა მეტი რომ მოენდომებინა, შეიძლებოდა, დღეს მოსამართლეობის სხვა კანდიდატები ყოფილიყვნენ, რადგან მის როლს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ მე მას ძალიან ვაფასებ, ვფიქრობ, ძლიერი ადამიანია და ბევრი რამ აქვს გაკეთებული, ბოლო მომენტში მან ვეღარ შეძლო პირველად პრინციპებზე დარჩენილიყო. კონკრეტულად, ამ მოსამართლეებთან მიმართებაში და ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ქალბატონი თეა პროცესიდან გავიდა. მან მოიხსნა პასუხისმგებლობა და თქვა – რაც გინდათ, ის ქენით; ხართ პარლამენტი და აიღეთ ეს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისი თქმით, კანონმდებლობის პრობლემა არ დგას, მაგრამ დგას პრობლემა, რამდენად სწორად იყენებენ მოსამართლეები ამ კანონმდებლობას საკუთარი ინტერესების დასაცავად.

„აქ არის გამბედაობის მინიმალური სტანდარტი. ანუ, რამდენად შეუძლია მოსამართლეს, პოლიტიკური კონიუნქტურისგან დამოუკიდებელი იყოს, თორემ თუ მისი შინაგანი რწმენა იმგვარია, ბუნებრივია, მე ამის გარჩევაში ვერ შევალ“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

როგორც გოგიჩაიშვილმა განაცხადა, წინა მოწვევის პარლამენტში მმართველ გუნდში იყო პოლიტიკური შეთანხმება, რომ ყოფილ მოსამართლეებს ვადის ამოწურვის შემდეგ ვადას აღარ გაუგრძელებდნენ და მათი ჩანაცვლება ახალი ადამიანებით მოხდებოდა, მაგრამ ეს არ განხორციელდა.

„მმართველ გუნდში, წინა მოწვევის პარლამენტში იყო პოლიტიკური შეთანხმება – ჩვენ არ გამოვიყენებთ იმ მეთოდებს, რა მეთოდებიც თავის დროზე, სააკაშვილმა გამოიყენა, მაგრამ როდესაც ამ მოსამართლეებს (განსაკუთრებით სისიხლის სამართალში და ადმინისტრაციულ სამართალში), რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის შექმნაში განსაკუთრებული მახვილი იყო, მოსამართლეობის ვადა ამოეწურებათ, ჩვენ მათ ვადას აღარ გავუგრძელებთ და ვეცდებით, ამ ადამიანების ჩანაცვლება მოხდესო“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა დონეზე და ვის შორის არსებობდა ეს შეთანხმება, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ ეს პოლიტიკური შეთანხმება არსებობდა გუნდში და უმრავლესობის განხილვის დროს, ბიძინა ივანიშვილს ამ ამბავს უხსენებდნენ.

დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ სისტემის გასაჯანსაღებლად შეიქმნა რეფორმის სამი ტალღა, ამისთვის შეიქმნა იუსტიციის სკოლა, რომელსაც მოსამართლეები უნდა მოემზადებინა და შვიდი წელი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ახალი თაობის მოსამართლეები წამოსულიყვნენ.

„ესენი არიან იურისტები და სისტემის შევსება აბსოლუტურად შესაძლებელია, თუნდაც იმ ადამიანებით, რომლებიც სამეცნიერო პედაგოგიკაში იყვნენ, ადვოკატები და ა.შ. ამ ქვეყანაში სამასი წესიერი, კვალიფიციური ადამიანის მოძებნა პრობლემა არ არის, მთავარია, ნება იყოს. ეს ნება კი, როგორც აღმოჩნდა, პარტიის ახლანდელ თავმჯდომარეს არ აღმოაჩნდა. მას თავისი გეგმა ჰქონდა და მე მისი მესმის, რადგან, როდესაც დემოკრატობანას თამაში მოგბეზრდება და ჩათვლი, რომ ხელისუფლების სამართავად საჭიროა არა დემოკრატიული პრინციპების, არამედ ძლიერი ვერტიკალის აშენება, რათა შენი ხელისუფლება გაამყარო, სასამართლოს გარეშე ეს წარმოუდგენელია.

ეს ადამიანი ადგა და ახალი ადამიანების მოგონებას და მათგან რაღაც პროდუქტის შექმნას პირდაპირ ის ხალხი ამჯობინა, რომლებიც ადეიშვილის და სააკაშვილის რეჟიმმა ზარდა, როგორც მორჩილი ადამიანები“, -განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტში წარმოდგენილი სია ძალიან მძიმე არ არის და ოცი კანდიდატიდან ორი-სამი ადამიანის გამორჩევა შეიძლება.

გოგიჩაიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის ცდილობს, კოლეგებს მაქსიმალურად დაანახოს პოლიტიკური ფასი, რა ფასის გადახდაც შეიძლება, მათ მოუწიოთ, მაგრამ თუ პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მოსამართლეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად განწესდნენ, ის ვერაფერს გახდება.

„თუ ეს ადამიანები თვითონ ჩახტებიან იმ ცეცხლში, კი ბატონო. მე ვეუბნები, იცით რა, აქ არ ჩახტეთ. რადგან ბევრი მათგანი ძალიან მენანება და მათ პატივს ვცემ. მე ბიძინა ივანიშვილსაც პატივს ვცემ, რადგანაც ხაზს ვუსვამ მის მნიშვნელობას. როგორ შეიძლება, ადამიანმა არ დაუფასო ის, რაც მან ოქტომბრისთვის და ამ ქვეყნისთვის გააკეთა, მაგრამ ამას, რასაც აკეთებს, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას გავუწევ. აქ არანაირი პირადული არ არის. აქ მხოლოდ სახელმწიფოს მომავლის ხედვის ამბავია. მე ამ მოსამართლეებთან ვერანაირ კომპრომისზე ვერ წავალ. გახარიამ თქვა – მე მივდივარ მათთან კომპრომისზეო, მაგრამ ეს მისი არჩევანია. თუ ის თეთრაძის მწამებელ პროკურორთან კომპრომისზე წავა, ამის გამო მან გადაიხადოს პოლიტიკური ფასი. მე ამისთვის პოლიტიკური ფასის გადახდას არ ვაპირებ, არც რეპუტაციული და არც მორალური თვალსაზრისით“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.