ლევან დავითაშვილი - სიტუაცია უნდა განიმუხტოს, ვითარების ესკალაცია არ არის პანკისის ხეობის მოსახლეობისა და სახელმწიფოს ინტერესებში
ლევან დავითაშვილი - სიტუაცია უნდა განიმუხტოს, ვითარების ესკალაცია არ არის პანკისის ხეობის მოსახლეობისა და სახელმწიფოს ინტერესებში

მნიშვნელოვანია, სიტუაციის განმუხტვა მოხდეს, რადგან ვითარების ესკალაცია არ არის პანკისის ხეობის მოსახლეობისა და სახელმწიფოს ინტერესებში, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, დავწყნარდეთ და პირველ რიგში, სიმშვიდე შევინარჩუნოთ, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ, მათ შორის – მომავალში. ვფიქრობ, აქ საღმა აზრმა გაიმარჯვა. ჩემს კოლეგებთან ერთად, მოლაპარაკებები მქონდა მოსახლეობის წარმომადგენლებთან, მათ შორის უხუცესებთან. რა თქმა უნდა, მათ აქვთ საკმარისი გამოცდილება და სიბრძნე იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ. შეთანხმება მოხდა იმაზე, რომ პირველ რიგში, მომხდარიყო სიტუაციის დეესკალაცია. კონკრეტულად, იმ დღის მოვლენებს ვგულისხმობ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, მოსახლეობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საუბარი იყო კომუნიკაციისა და გარკვეული მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, მათ შორის, ხეობაში სხვა ჰესებთან დაკავშირებით, რომლებზეც ასევე არსებობს ნებართვა და საუბარი იყო აგრეთვე ბევრ სხვა სოციალურ საკითხზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ზოგადად, ჰესების საწინააღმდეგო კამპანია რაღაცნაირად მართულია და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თუ ჯგუფის მიერ არის ინიცირებული.

„მიზანმიმართულად ხდება სექტორის დისკრედიტაცია და ამ შემთხვევაში, საკმაოდ სახიფათო პროცესებთან გვაქვს საქმე. მათ შორის, პანკისში განვითარებული მოვლენებიც გარკვეულწილად, ამას უკავშირდება, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ალბათ მიზანმიმართულად, რადგან ხშირ შემთხვევაში, ინფორმაციები, რომლებიც ვრცელდებოდა, აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო. მათ შორის, იყო ეთნიკური ელემენტის წამოწევა. გაჟღერებული იყო მაგალითად, ასეთი უტოპიური და უაზრო თემები, რომ ხეობიდან მოსახლეობის გადასახლება იგეგმებოდა და ა.შ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დავითაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მსგავსი ქმედებები ვერანაირად ვერ იმოქმედებს ქისტი და ქართველი ხალხის ურთიერთობებზე, რომელიც საუკუნეებს ითვლის, რადგან ჩვენ ერთი ერის, ერთი კულტურის ნაწილი ვართ.

„შეიძლება, ეს გარე ძალებსაც უკავშირდებოდეს და შეიძლება, შიდა ძალებს. ამაზე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ძალიან საეჭვო საკითხები იკვეთება. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ სწორი კომუნიკაცია. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია მედიის ჩართულობა, თქვენი მონაწილეობა და მოხმარება. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი მხრიდან მოსახლეობას კომპეტენტური ინფორმაცია მივაწოდოთ და ასევე, აქ საქმეში უნდა ჩაერთონ ექსპერტები, მაგრამ მოსახლეობასთან ინფორმაციის მიტანის საშუალება უნდა გვქონდეს და ამ შემთხვევაში, მედია საშუალებები უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხეობის განვითარებაზე საუბარი სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობას უკავშირდება და ეს პირდაპირ, თუ ირიბად, ენერგეტიკასთანაც არის კავშირში, რადგან ენერგეტიკის სექტორზე დამოკიდებულება, როგორც სხვა ქვეყნებს, საქართველოსაც ძალიან დიდი აქვს და ეს ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს შეიძლება თამაშობდეს.

მისი თქმით, გარემოს დაცვის სამინისტრო უკომპრომისოა გარემოს დაცვით ნაწილში გადაწყვეტილების მიღების კუთხით, რადგან ის მხარს ვერ დაუჭერს ვერანაირი პროექტის განხორციელებას, თუ ეს ბუნებაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედების პირობებში იქნება.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ნებართვა ჯერ კიდევ 2017 წელს იყო გაცემული, ჩვენ მიერ გადაწყვეტილების მიღება ხდება კანონმდებლობის შესაბამისად და გარემოს დაცვითი სრული პასუხისმგებლობით. იგივე საკითხი, რომელიც წყალს ეხებოდა, აქ ცალსახა სანებართვო პირობა იყო ჩადებული, სადაც ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ მონიტორინგის სისტემა უნდა არსებობდეს და მასზე ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეს მოსახლეობას და სამინისტროსაც იმისთვის, რომ თუ არსებობს კითხვა და ეჭვი, ეს ეჭვი გაიფანტოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.