ლევან ჩოხელმა და ოთარ თანზილოვმა UFC-ში დებიუტის წინ წონა წარმატებით ჩააბარეს #1TVSPORT
UFC-ში ორი ქართველი მებრძოლის დებიუტი შედგება. 21 ივნისს ლას ვეგასში შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაციაში პირველად იჩხუბებენ ლევან ჩოხელი და ოთარ თანზილოვი.
ორივე მებრძოლმა შეხვედრის წინ წონა წარმატებით ჩააბარა.
ოთარ თანზილოვი ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში (65კგ) გამოდის და მისი მეტოქე ამერიკელი შეინ კოლინსი იქნება. 28 წლის თანზილოვს აქამდე კარიერაში 11 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 10 მოიგო, მათ შორის 7 ნოკაუტით. აღსანიშნავია, რომ კარიერის დიდი ნაწილი მან 61 კილოგრამში გაატარა, თუმცა კოლინსთან ბრძოლა ცოტა ხნის წინ ჩაუნიშნეს და სწორედ ამიტომ მისი დებიუტი UFC-ში ერთით მაღალ დივიზიონში შედგება.
რაც შეეხება ლევან ჩოხელს, 29 წლის მებრძოლი ქვესაშუალო დივიზიონში (77კგ) სომეხ ლეონ შაჰბაზიანს შეხვდება. ჩოხელის ანგარიშზე 17 ბრძოლიდან 14 გამარჯვებაა (11 ნოკაუტი). ის პრესტიჟულ ორგანიზაცია „ბელატორში“ იბრძოდა.
ამჟამად UFC-ში 7 ქართველი ირიცხება – ილია თოფურია, ალექსანდრე თოფურია, მერაბ დვალიშვილი, გიგა ჭიკაძე, რომან დოლიძე, ლევან ჩოხელი, ოთარ თანზილოვი.