ლევან ბეჟაშვილი - უნდა მოვუწოდოთ ყველა საჯარო მოხელეს, პოლიციის თანამშრომელს, რომ მათ დაიჭირონ ქართველი ხალხის მხარე
ლევან ბეჟაშვილი - უნდა მოვუწოდოთ ყველა საჯარო მოხელეს, პოლიციის თანამშრომელს, რომ მათ დაიჭირონ ქართველი ხალხის მხარე

უნდა მოვუწოდოთ ყველა საჯარო მოხელეს, პოლიციის თანამშრომელს, რომ მათ დაიჭირონ ქართველი ხალხის მხარე, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, 31 ოქტომბერი არის მართლაც წყალგამყოფი, მათ შორის საჯარო მოხელეებისთვის, მათ შორის პოლიციელებისათვის და სპეცრაზმელებისთვის, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართული.

„ან ისინი არიან ქართველი ხალხის მხარეს, რომელიც შეურაცხყოფილია და აღელვებულია სწორედ საარჩევნო უფლების ჩამორთმევის გამო, ან ისინი გადაიქცევიან ივანიშვილის, ოლიგარქის პირად საჯარო მოხელეებად და პირად გვარდიად.

ამიტომ ბუნებრივია, ეს პროცესი გაგრძელდება, ჩვენ უნდა მოვუწოდოთ ყველა საჯარო მოხელეს, პოლიციის ყველა თანამშრომელს, რომ მათ დაიჭირონ ქართველი ხალხის მხარე, რადგანაც ყველა ვიცით ამ საზოგადოებაში, მათ შორის „ოცნების“ მხარდამჭერებმაც, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, გაყალბდა ურცხვად, თავხედურად და ადამიანებს წაართვეს საარჩევნო უფლება.

ჩვენი მოწოდება მდგომარეობს სწორედ ამაში, რომ ყველამ ავიღოთ, მათ შორის საჯარო მოხელეებმა და პოლიციის თანამშრომლებმა, ჩვენი წილი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე. ისინი არ არიან პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული კონკრეტული ოლიგარქის წინაშე. ისინი ვალდებული არიან და ემსახურებიან ქართველ ხალხს. დღეს, როდესაც 31 ოქტომბრის მერე არჩევნები გაყალბდა ტოტალურად და ამას აღიარებს საზოგადოების 90%, მათ უნდა გააკეთონ არჩევანი ან ისინი დგებიან ქართველი ხალხის გვერდზე, ან ისინი ხდებიან ოლიგარქის პირადი გვარდია“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.