ლევან ბეჟაშვილი - არჩევნებზე კოორდინატორების მიერ ფოტოსურათებიანი სიის გამოყენება მიზნად ისახავს ნების გაკონტროლებას
ლევან ბეჟაშვილი - არჩევნებზე კოორდინატორების მიერ ფოტოსურათებიანი სიის გამოყენება მიზნად ისახავს ნების გაკონტროლებას

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ კენჭისყრის დღეს „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მიერ ფოტოსურათებიანი ამომრჩეველთა სიით გადამოწმება, ვინ მივიდა არჩევნებზე, პერსონალური მონაცემების კანონდარღვევა და ამომრჩეველზე ზეწოლაა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, კოორდინატორებს შეუძლიათ, მოახდინონ იმ ამომრჩევლების აღრიცხვა, რომლებიც, მათივე ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას“ და შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს უჭერენ მხარს.

მისი თქმით „ქართული ოცნება“ მავნე პრაქტიკას აგრძელებს. გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ცესკო-ს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელმაც კენჭისყრის დღეს „ქართული ოცნების“ პარტიული კოორდინატორები იქნებიან ამომრჩეველთა სურათებიანი სიით. მდინარაძის თქმით, ვითომ ამის გამოყენება კანონიერია. პრაქტიკულად, მამუკა მდინარაძემ აღიარა, რომ მეორე ტურში კოორდინატორები გააგრძელებენ იმ მავნე პრაქტიკას, როცა „ქართული ოცნება“ ცდილობს ამომრჩევლის ნების გაკონტროლებას და მათზე ზეწოლის განხორციელებას. მამუკა მდინარაძის ეს განცხადება ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს, რომლითაც პარტიას გადაეცემა ამომრჩეველთა ერთიანი სია ფოტოსურათებიან ვერსიით და ამ კანონიერი უფლების გამოყენება ამოიწურება მაშინ, როდესაც დამთავრდება ერთიანი სიის ფორმირება. ყველა სხვა შემთხვევაში, ფოტოსურათებიანი სიის გამოყენება მიზნად ისახავს ნების გაკონტროლებას, რაზეც სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმაც არაერთხელ განაცხადეს და პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც ერთხმად შეაფასეს ამომრჩევლის გაკონტროლების მცდელობა. ჩვენ მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაიცვას პერსონალური მონაცემების შესახებ კანონმდებლობა და გამოვიდეს განცხადებით და მოუწოდოს „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს, თავი შეიკავონ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ამგვარი ფორმით გამოყენებისგან“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.