ლევან ბეჟაშვილი​ აცხადებს, რომ ისნის საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობას“ პოზიცია ჯერ არ ჩამოუყალიბებია
ლევან ბეჟაშვილი​ აცხადებს, რომ ისნის საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობას“ პოზიცია ჯერ არ ჩამოუყალიბებია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი​ აცხადებს, რომ თბილისში, ისნის საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით მათი პარტიის პოზიცია ოფიციალურად არ არის ჩამოყალიბებული.

„განიხილება სხვადასხვა ვარიანტი. პარტია თუ გადაწყვეტს, ისნის ოლქში მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინოს, არიან საკმაო ლიდერები, ადამიანები, რომლებიც თავისუფლად, ღირსეულად წარმოადგენენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს შესაბამის საარჩევნო ოლქებში და დაიწყებენ საარჩევნო კამპანიას. შეიძლება, ეს იყოს ხატია დეკანოიძე, სალომე სამადაშვილი, ზალიკო უდუმაშვილი, სხვა ბევრი ლიდერი, რომლებიც დღეს არ არიან კონკრეტულად საარჩევნო ოლქებში უკვე წარდგენილი. მაგრამ შესაძლებელია, უახლოეს პერიოდში ისინი ვიხილოთ სხვადასხვა საარჩევნო ოლქში უკვე გაჩაღებულ საარჩევნო კამპანიაში.

დაახლოებით მომავალი კვირისთვის უკვე პარტია შესაბამის ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. იქიდან გამომდინარე, რა კონსულტაციები წარიმართება პარტიის შიგნით, ასევე, ჩვენს პარტნიორებთან ოპოზიციაში, პარტიის გარეთ. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ეს კონსულტაციები და ჩვენ ველოდებით ამ კონსულტაციების დასრულებას, პარტია ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.