ლევან ბაჯელიძე - გუნდში პროგრესი არის, სამი წლის წინ იტალიასთან ანგარიშით 0:7 წავაგეთ
ლევან ბაჯელიძე - გუნდში პროგრესი არის, სამი წლის წინ იტალიასთან ანგარიშით 0:7 წავაგეთ

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა იტალიასთან ანგარიშით 0:1 წააგო. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში სტუმრები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ლევან ბაჯელიძის გუნდმა ჯგუფის ფავორიტთან თავი კარგად დაიცვა.

წაგების მიუხედავად, ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ გუნდში პროგრესს ხედავს.

„ზუსტად სამი წლის წინ, იტალიასთან ანგარიშით 0:7 წავაგეთ. გავიდა დრო და ისევ შევხვდით. რა თქმა უნდა, ველოდებოდით, რომ ურთულესი თამაში იქნებოდა და თავისთავად ცხადია, მომენტები ექნებოდათ, მაგრამ ნახეთ, რომ მინიმალური ანგარიშით დავმარცხდით. დიდი მადლობა მინდა ფეხბურთელებს გადავუხადო, რადგან ბევრი იბრძოლეს. რეალურად, ამ ეტაპზე ჩვენთვის იტალიის დონის ნაკრებთან ანგარიშით 0:1 მარცხი გამარჯვების ტოლფასია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ გუნდში პროგრესია. იმედია, კიდევ უფრო წინ წავალთ და წლების შემდეგ მოგებასაც შევძლებთ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ლევან ბაჯელიძე.

მისი თქმით, რეალურად ჯგუფიდან გასვლის შანსი ნულის ტოლია.

„ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე მხოლოდ გამარჯვებული გადის, ხოლო პლეიოფში – მეორეადგილოსანი. ისედაც რთულ ჯგუფში მოვხვდით და საწყისი ორი შეხვედრა წავაგეთ. რეალურად უნდა ვიმსჯელოთ – შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი, ფაქტობრივად ნულის ტოლია. მაგრამ მთავარი ისაა, რომ გუნდი იზრდება და ბევრად უკეთესია, ვიდრე წინა წლებში. ქალთა ფეხბურთიც უფრო მასობრივი გახდა და ესეც ძალიან მაიმედებს“, – აცხადებს ლევან ბაჯელიძე.

ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ქალთა ნაკრები თამაშს 8 ოქტომბერს თბილისში გამართავს. ლევან ბაჯელიძის თქმით, ჯგუფის ლიდერს – დანიას, ჩვენი ნაკრები დანაკლისით დაუპირისპირდება.

„სამწუხაროდ, შემდეგ შეხვედრას ჩვენი მეკარე, თათია გაბუნია გამოტოვებს, რადგან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. მისი არყოფნა ჩვენთვის დიდი დანაკლისი იქნება. თათია ძალიან პატარაა – 19 წლის ახლა ხდება, ძირითად შემადგენლობაში პირველად დავაყენეთ და ძალიან გაგიმართლა. საერთოდ, ახლა აქცენტს ახალგაზრდებზე ვამახვილებთ“, – ამბობს ბაჯელიძე.