„ლევადიის“ მთავარი მწვრთნელი - „იბერიასთან“ ჩვენი მოგება ლოგიკური იყო #1TVSPORT
თბილისის „იბერიასთან“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩამდე „ლევადიის“ მთავარმა მწვრთნელმა, კურო ტორესმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„არ მიმაჩნია, რომ პირველ თამაშში გაგვიმართლა და ამის ხარჯზე მოვიგეთ. მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ და ლოგიკური გოლი გავიტანეთ. „იბერიამ“ კი მომენტები ჩვენი შეცდომების გამო შექმნა. შეხვედრა 1:0 მორჩა, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებთ. 90 წუთის განმავლობაში ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვეცდებით, კონცენტრაცია არ დავკარგოთ, ერთ შეცდომასაც კი ყველაფრის შეცვლა შეუძლია.
„იბერია“ ძლიერი გუნდია. შევეცდებით, წინა თამაშში დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ. ჩემი აზრით, ტალინში შეცდომები გუნდურად არასწორი თამაშის შედეგი იყო – ეს უნდა გავაანალიზოთ და გამოვასწოროთ“.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერია“ ესტონეთის ჩემპიონს, „ლევადიას“ საპასუხო შეხვედრაში 29 ივლისს თბილისში დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 20:00 საათიდან შემოგთავაზებთ.