„ლესტერმა“ ბელგიელი ფეხბურთელი სარეკორდო თანხად შეიძინა
„ლესტერმა“ ბელგიელი ფეხბურთელი სარეკორდო თანხად შეიძინა

საფეხბურთო კლუბმა „ლესტერმა“ თავის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა და ბელგიელი იური ტილემანსი 40 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა. 22 წლის ტილემანსმა გასული სეზონი „ლესტერში“ იჯარით გაატარა, 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა.

„ერთი სული მაქვს, როდის მომეცემა კიდევ შესაძლებლობა, რომ ამ გუნდის ღირსება მოედანზე დავიცვა“, – აცხადებს ტილემანსი. – „მჯერა, რომ კლუბში გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელების ის რაოდენობა, რომელიც რაღაც განსაკუთრებულის მოსაგებად არის საჭირო. ვამაყობ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ“.

ტილემანსი „ლესტერს“ იჯარით მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა, როდესაც გუნდის მწვრთნელი ჯერ ისევ კლოდ პიუელი იყო. თებერვალში, ფრანგი კლუბის ხელმძღვანელობამ გაანთავისუფლა და მის ადგილას ბრენდან როჯერსი დანიშნა.

„ლესტერმა“ პრემიერლიგის გასულ სეზონში 52 ქულა დააგროვა და მეცხრე ადგილი დაიკავა.