ლეროი სანეს, სავარაუდოდ, მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი
ლეროი სანეს, სავარაუდოდ, მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ლეროი სანე, შესაძლოა, ხანგრძლივი დროით გამოვიდეს მწყობრიდან იმ ტრავმის გამო, რომელიც მან ინგლისის სუპერთასის დროს მიიღო. არ არის გამორიცხული, 23 წლის გერმანელს მუხლის ჯვარედინი მყესები ჰქონდეს გაწყვეტილი, – ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა გამოცემა „ატლეტიკის“ (The Athletic) ჟურნალისტმა სემ ლიმ.

ფეხბურთელი ხუთშაბათს გაივლის სამედიცინო შემოწმებას. მაღალია იმის რისკი, რომ სანეს ოპერაციის გადატანა მოუწევს და შესაბამისად, ექვსი თვეს გამოტოვებს. ამან, შესაძლოა, იმოქმედოს “ბაიერნში” ტრანსფერზე, რადგან მიუნხენურ კლუბს სურს ისეთი ფეხბურთელის აყვანა, რომელიც ზუსტად ამ მომენტში გააძლიერებს შემადგენლობას.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ სანემ უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტის დეტალები “ბაიერნთან”: გერმანიის ჩემპიონის რიგებში მას წელიწადში 18 მილიონი ევრო უნდა გამოემუშავებინა.

სანე „სიტიში“ 2016 წლიდან თამაშობს. ჯამში მას 133 მატჩში 39 გოლი დაუგროვდა.