გერმანიის ნაკრების გარემარბი ლეროი სანე თურქეთში გააგრძელებს კარიერას.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ 29 წლის ფეხბურთელმა უარი თქვა „ბაიერნთან“ კონტრაქტის გაგრძელებაზე.
გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, სანე „გალათასარაიში“ გადავა. მხარეებმა შეათანხმეს სამწლიანი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც გერმანელი ფეხბურთელი სეზონში 15 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
სანეს მიმართ ინტერესს ასევე „არსენალი“, „ალ-ჰილალი“ და „ფენერბახჩე“ იჩენდნენ.
გასულ სეზონში ბუნდესლიგაში გარემარბმა 30 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.