ლერი ხაბელოვმა ოლიმპიელებისთვის საწვრთნელი პროცესის განახლების აუცილებლობაზე ისაუბრა
ლერი ხაბელოვმა ოლიმპიელებისთვის საწვრთნელი პროცესის განახლების აუცილებლობაზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრებს და კანდიდატებს უახლოეს პერიოდში, უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით, მიეცეთ სრულფასოვან სასწავლო-საწვრთნელ პროცესში ჩართვის შესაძლებლობა.

ამ საკითხთან დაკაშირებით გთავაზობთ სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის კომენტარს:

„პირველ რიგში, ჩვენ მივმართეთ საოლიმპიადო პროცესში ჩართულ სპორტულ ფედერაციებს და როგორც მოსალოდნელი იყო, ერთმნიშვნელოვანი დასტური მივიღეთ: თითოეული ფედერაცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია საწვრთნელი პროცესის ორგანიზება რაც შეიძლება მოკლე დროში. გარდა ამისა, მათ მოგვაწოდეს დეტალური ინფორმაცია ჩვენ მიერ დასმული კითხვების პასუხად. მაგალითად, საწვრთნელი შეკრების სასურველი ადგილმდებარეობის და ხანგრძლივობის, შეკრებაში მონაწილეთა რიცხოვნობისა და შემადგენლობის, სამედიცინო უზრუნველყოფის, აუცილებელი-ინვენტარ-აღჭურვილობის შესახებ და სხვა საკითხებზე. მოკლედ, ჩვენ ზუსტად ვიცით, რა გვჭირდება და რისთვის, რამდენი ადამიანი მოიყრის თავს შეკრებებზე, რა ბიუჯეტი დასჭირდება ამ საქმის ორგანიზებას, ვინ იქნებიან პასუხისმგებელი პირები და ა.შ.

ჩვენი მომდევნო ნაბიჯი ის იყო, რომ ოფიციალური წერილით მივმართეთ საქართველოს მთავრობას, აგრეთვე – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. ჩვენ ვითხოვთ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დაისვას და დადებითად გადაწყდეს საკითხი ქართველი ოლიმპიელებისთვის საწვრთნელი პროცესის განახლების შესახებ.
ფაქტობრივად, ეს არის ოლიმპიური კომიტეტის, სპორტული ფედერაციების, მწვრთნელების და თავად სპორტსმენების ერთობლივი თხოვნა.

როგორც მოგეხსენებათ, ობიექტური მიზეზების გამო, სპორტულმა ორგანიზაციებმა, მათ შორის საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, შეაჩერეს აქტიური საქმიანობა და დღემდე მკაცრად იცავენ საგანგებო მდგომარეობის წესებს. ორ თვეზე მეტია, შეჩერებულია ოლიმპიური პროგრამები და სასწავლო-საწვრთნელი პროცესი, რამაც დიდად დააზიანა საოლიმპიადო სამზადისი, რადგანაც სპორტული ფორმის და ბრძოლისუნარიანობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია თითოეული დღე. ამ დანაკლისის ანაზღაურება შეუძლებელი იქნება, თუ უახლოეს პერიოდში არ მივიღებთ შესაბამის ზომებს.

საუბარია შეზღუდულ კონტიგენტზე – დაახლოებით 200 სპორტსმენზე, რომლებიც ტესტირების გავლის შემდეგ განაწილდებიან რამდენიმე სპორტულ ბაზაზე და ქვეყანაში მოქმედი ყველა საგანგებო წესის ზედმიწევნით დაცვით, სპეციალურ სივრცეში განაახლებენ ვარჯიშს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მონაწილეობით და ჩვენი ეპიდემიოლოგების აქტიური ჩართულობით, საგანგებოდ სპორტისთვის უკვე შემუშავებულია პროტოკოლის პროექტი, სადაც დეტალურად არის გაწერილი სპორტული აქტივობის რეგულაციები ეპიდემიის პირობებში.

საგულისხმოა, რომ სწორედ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რჩევით და ადგილობრივ ხელისუფალთა დასტურით, მსგავსი პრაქტიკა უკვე ფართოდ არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში, მათ შორის – ევროპის ქვეყნებში: საწვრთნელ პროცესში სხვადასხვა ფორმით უკვე ჩართულნი არიან ოლიმპიური ლიცენზიანტები და ის სპორტსმენები, რომლებსაც შემოდგომაზე ან 2021 წლის დასაწყისში მოუწევთ ტოკიოს ოლიმპიადის საგზურებისთვის ბრძოლა. ამ ბრძოლისთვის ჩვენც მზად უნდა ვიყოთ.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება გულისყურით შეისწავლის ამ პრობლემას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

წყარო – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი