ლერი ხაბელოვი - ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს მედროშეები ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იქნებიან #1TVSPORT
ლერი ხაბელოვი - ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს მედროშეები ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იქნებიან #1TVSPORT

გადაცემა „ტაიმაუტს“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი სტუმრობდა.

ლერი ხაბელოვმა ისაუბრა ტოკიოს მოახლოებულ ოლიმპიადასა და ჩვენი ოლიმპიური ნაკრების პერსპექტივაზე.

„სპორტსმენები მზად არიან. პროგნოზიც გამართლდა, როცა ვამბობდით, რომ ოლიმპიადაზე 30-35 სპორტსმენი გვეყოლებოდა. მოსამზადებელი პერიოდი ყველა სახეობის წარმომადგენელმა კარგად გაიარა. ჩვენი პროგნოზით, გვექნება უკეთესი შედეგი, ვიდრე რიოში. ოლიმპიადაზე 12 სახეობიდან 35 სპორტსმენი მოხვდა, რაც ძალიან კარგი შედეგია“.

„ტაიმაუტის“ შეკითხვაზე – გვქონდა თუ არა, ოლიმპიადაზე უფრო მეტი ლიცენზიის მოპოვების შესაძლებლობა, – ლერი ხაბელოვმა უპასუხა:

„შანსი, რა თქმა უნდა იყო, მაგრამ თუ წინა ოლიმპიადებს გადავხედავთ, მხოლოდ რიოში გვყავდა 40 სპორტსმენი, სხვა ოლიმპიადებზე ჩვენი ნაკრების ოპტიმალური შემადგენლობა 30-35 სპორტსმენი იყო. ჭიდაობიდან, მშვილდოსნობიდან გვქონდა შესაძლებლობა, მაგრამ სპორტია და თქვენ იცით, რომ ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, ლადო ხინჩაგაშვილი ვერ მოხვდა ოლიმპიურ თამაშებზე“.

„ტაიმაუტის“ წამყვანმა, ლუკა ჭოჭუამ ხაზი გაუსვა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მრავალფეროვნებას სახეობების მიხედვით, როცა ტრადიციულად, ჩვენი ეროვნული გუნდი ძიუდოსა და ჭიდაობის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი:

„წარმომადგენლების რაოდენობა გაიზარდა, სპორტის სხვადასხვა სახეობიდან. სამი მოკრივე ოლიმპიადაზე ადრე არ გვყოლია. ძალოსნობაში ოთხი სპორტსმენი გვყავს. კარატეში არქანიას ერთი შანსი ჰქონდა და საუკეთესო ათეულში მოხვდა. წარმოიდგინეთ, რამდენი ქვეყანა მონაწილეობს და ათი ლიცენზია თამაშდება. არქანიას ასაკში ლიცენზიის აღება გმირობის ტოლფასია. ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს მედროშეები ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იქნებიან. ჩვენი ნაკრების შემადგენლობა არის ძალიან კარგი, გვყავს გამოცდილი, ტიტულოვანი სპორტსმენები და სპორტული იღბალი გვჭირდება. პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ წინა ოლიმპიადაზე უკეთესი შედეგი გვექნება“.

ლერი ხაბელოვმა აღნიშნა საქართველოს პარალიმპიური ნაკრების განსაკუთრებული მიღწევები. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენი პარალიმპიური ნაკრები ათი სპორტსმენით არის დაკომპლექტებული, რაც საქართველოსთვის ისტორიული მაქსიმუმია.