ლერი ხაბელოვი - იმედია, ჩვენი სპორტსმენები ზამთრის ოლიმპიადაზე შესაძლებლობის მაქსიმუმს აჩვენებენ #1TVSPORT
ლერი ხაბელოვი - იმედია, ჩვენი სპორტსმენები ზამთრის ოლიმპიადაზე შესაძლებლობის მაქსიმუმს აჩვენებენ #1TVSPORT

ჩინეთში, ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ბოლო ჯგუფი გაემგზავრა.

ჯგუფში არიან საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი, სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი, პეკინი 2022-ზე აკრედიტებული ჟურნალისტები – თენგიზ პაჭკორია და ხატია ჯიჯეიშვილი.

„ეს პირველი ოლიმპიადაა, რომელზეც საქართველო ასეთი რაოდენობით არის წარმოდგენილი. ასევე პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყანა გუნდურად იასპარეზებს – მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, საქართველო მოხვდა იმ 10 საუკეთესო ქვეყანას შორის, რომლებიც ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებენ. ემოციური მომენტია, რომ პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მოციგავეთა შეჯიბრებაში საბა ქუმარიტაშვილი იასპარეზებს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სპორტსმენები შესაძლებლობის მაქსიმუმ გამოავლენენ და საუკეთესო შედეგს აჩვენებენ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 4-20 თებერვალს უმასპინძლებს. საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა) იასპარეზებს 9 სპორტსმენი. საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდი უკვე ჩინეთში, ოლიმპიურ სოფელშია და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საასპარეზოდ ემზადება.

დატოვე კომენტარი