ლერი ხაბელოვი - დიდი იმედი გვაქვს, რომ ტოკიოდან კარგი შედეგებით დავბრუნდებით #1TVSPORT
ლერი ხაბელოვი - დიდი იმედი გვაქვს, რომ ტოკიოდან კარგი შედეგებით დავბრუნდებით #1TVSPORT

საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა და ამ დღის მნიშვნელობასა და საქართველოში ოლიმპიური მოძრაობის შესახებ ისაუბრა.

„საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სახელით, საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს ოლიმპიურ მოძრაობაში ჩართულ თითოეულ ადამიანს ვულოცავ – სპორტსმენებს, სხვადასხვა თაობის ოლიმპიელებს, მწვრთნელებს, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს, მედიკოსებს, სპორტულ ჟურნალისტებს, მოხალისეებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ოლიმპიური ფასეულობები და თავისი წვლილი შეაქვს მნიშვნელოვან საერთო საქმეში. გლობალური პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოც ოლიმპიურ დღეს აღნიშნავს“, – განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა მოახლოებულ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ილაპარაკა:

„ერთი წლით გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი თვე რჩება. 23 ივლისს ტოკიოს განახლებულ ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება თამაშების გახსნის ცერემონია და აინთება ოლიმპიური ცეცხლი, როგორც სიმბოლური ნიშანი იმისა, რომ მრავალსაუკუნოვანი ოლიმპიური ისტორია გრძელდება და ამ პროცესს წინ ვერაფერი აღუდგება. სალიცენზიო ტურნირები ერთ კვირაში დასრულდება და საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობაც ცნობილი იქნება. ამ ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენ ბრძოლისუნარიანი გუნდით წარვსდგებით და დიდი იმედი გვაქვს, რომ ტოკიოდან კარგი შედეგებით დავბრუნდებით“.