ლეონარდო ბონუჩი ბერლინის „უნიონში“ გადასვლასთან ახლოსაა #1TVSPORT
ლეონარდო ბონუჩი ბერლინის „უნიონში“ გადასვლასთან ახლოსაა #1TVSPORT

სატრანსფერო ბაზრის ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსის“ ცენტრალური მცველი ლეონარდო ბონუჩი ახლოსაა, კარიერა ბერლინის „უნიონში“ გააგრძელოს.

36 წლის ბონუჩისთან დაკავშირებით „იუვენტუსში“ გადაწყვეტილება უკვე მიიღეს – ის მასიმილიანო ალეგრის გეგმებში აღარ შედის და მომდევნო სეზონში სათამაშო დრო არ ექნება.

როგორც ცნობილი ხდება, გერმანულ და იტალიურ კლუბებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ვეტერანი მცველი „უნიონთან“ კონტრაქტს უახლოეს მომავალში გააფორმებს.

ბონუჩი „იუვენტუსის“ ღირსებას 2010 წლიდან იცავს. ამ დროის მანძილზე მან მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა სხვა კლუბში, ალეგრისთან კონფლიქტის გამო 2017 წელს „მილანში“ გადავიდა, თუმცა მალევე „ბებერ ქალბატონს“ დაუბრუნდა.

იტალიური გრანდის შემადგენლობაში ბონუჩიმ 500-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და რვაჯერ – იტალიის ჩემპიონატი, ოთხჯერ – იტალიის თასი, ხოლო ექვსჯერ იტალიის სუპერთასი მოიგო.

რაც შეეხება ბერლინის „უნიონს“, ამ გუნდმა გასულ სეზონში გერმანიის ბუნდესლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავა და ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.