ლეონარდის 43 ქულა „კლივლენდთან“ მოგებულ მატჩში (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. რიგით 28-ე გამარჯვება იზეიმა „ლოს ანჯელეს კლიპერსმა“. დოკ რივერსის გუნდმა „სტეიპლს ცენტრში“ „კლივლენდს“ უმასპინძლა და მეტოქეს უშანსოდ, ანგარიშით 128:103 სძლია.

სეზონის ყველაზე შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა კავაი ლეონარდმა. „კლიპერსის“ ლიდერმა 43 ქულა, 3 მოხსნა, 4 გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ამისთვის კავაის მხოლოდ 28, 44 წუთი დასჭირდა. ლუ ვილიამსმა მატჩი 24 ქულით დაასრულა. 12 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა ზუბაცმა.

სტუმართა შორის ყველაზე მეტი – 25 ქულა კოლინ სექსტონის ანგარიშზეა. 14 ქულითა და 10 გადაცემით ორმაგი დუბლი გაიფორმა დარიუს გარლანდმა. ჩედის ოსმანმა საკუთარ გუნდს 21 ქულა შესძინა.

ატლანტა-ფინიქსი 123:110

ბრუკლინი-იუტა 107:118

მემფისი-ჰიუსტონი 121:110

მილუოკი-ნიუ იორკი 128:102

გოლდენ სტეიტი-დალასი 97:124