„ლელოს“ წევრი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ სააკაშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნას მხარს უჭერენ
„ლელოს“ წევრი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ სააკაშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნას მხარს უჭერენ

„ლელოს“ წარმომადგენელი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნას მხარს უჭერენ.

გეგელიას მიაჩნია, რომ ბევრი კომისია არის საჭირო პარლამენტში.

„ამ საკითხთან მიმართებით, რომელიც არის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ არაადამიანური მოპყრობა და წამების ფაქტები, არც ერთი კითხვა არ უნდა არსებობდეს; ამიტომ, ძალიან მარტივად, დავუჭერთ მხარს ასეთი ტიპის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის არსებობას, იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება ინიცირებული. ჩვენ დავუჭერთ მხარს ნებისმიერ ისეთ კომისიას, რომელიც ამ ქვეყანაში მეტი სიმართლის დადგენას ემხრობა და გვინდა, მოვუწოდოთ ჩვენს კოლეგებს, რომ დაუჭირონ მხარი ჩვენ მიერ სხვადასხვა დროს ინიცირებულ სხვა კომისიებსაც, რადგანაც ისინიც ემსახურება სიმართლის დადგენას.

ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრი კომისია გვჭირდება პარლამენტში, მათ შორის კორუფციის მიმართულებით, მათ შორის სხვადასხვა სოციალური საკითხების მიმართულებით; ეს არის მნიშვნელოვანი ძალისხმევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს უფრო მეტად ინფორმირებული. ასეთი ტიპის კომისიას არ გააჩნია ძირითადად დამავალებელი ტიპის ფუნქციები, მას აქვს მიგნებები, რომლის გამოყენებაც შეიძლება, მოხდეს პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით და ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით, მათ შორის სტრასბურგში“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ 3 იანვარს განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს შეწყვეტს და პარლამენტს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება. „რამდენიმე კვირის წინ მქონდა მიხეილ სააკაშვილთან საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით საუბარი. მაშინაც გავახმოვანე, კარგი იქნებოდა ამ კომისიის შექმნა პარლამენტში. ახლა მესმის მისი დამოკიდებულება, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა და არავითარი უფლებამოსილება აღარ ექნება ლონდა თოლორაიას. ხელისუფლებამ ეს გააკეთა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე არ იყოს ბოლომდე გამოძიებული სახელმწიფო ინსპექტორის მიერ. ამიტომ, საგამოძიებო კომისიას მიენიჭებოდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია ამ კომისიის ამოქმედება“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.