„ლეხის“ სპორტული დირექტორი - კაჭარავა ოდნავ განსხვავებული ტიპის თავდამსხმელია
„ლეხის“ სპორტული დირექტორი - კაჭარავა ოდნავ განსხვავებული ტიპის თავდამსხმელია

პოზნანის „ლეხის“ სპორტულმა დირექტორმა ტომაშ რზუსამ გუნდში ნიკა კაჭარავას ჩარიცხვაზე კომენტარი გააკეთა.

„ნიკა ჩვენთან მოდის, რათა ძირითადში ადგილისთვის იბრძოლოს. ჩვენ უკვე გვყავს მიქაელ ისხაკი და გუნდის ახალგაზრდა აკადემიის აღზრდილი ფილიპ შიმჩაკი, რომელმაც ასევე დაიწყო გატანა, მაგრამ ახლა მას მცირე ტრავმა აქვს და მის გამოჯანმრთელებას ველოდებით. ასევე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა მოჰამედ ავადი, რომელსაც შეუძლია იყოს არა მხოლოდ როგორც ტიპიური ცხრა ნომერი, არამედ თავდამსხმელის უკან, ათიანზე და ფლანგზეც კარგად გამოიყურება. ნიკა ოდნავ განსხვავებული თავდამსხმელის ტიპია – ღონიერი, ფიზიკურად ძლიერი, კარგი აღნაგობით. ასე რომ, ჩვენი თავდასხმა ძალიან კარგად დავაკომპლექტეთ“, – ამბობს პოზნანელთა სპორტული დირექტორი.

„კაჭარავა, რომლის სიმაღლე 198 სანტიმეტრია, პოლონეთის გულშემატკივრებისთვის კარგად არის ცნობილი, რადგან 2017/18 წლების სეზონში ის კელცეს „კორონაში“ თამაშობდა და ჩემპიონატში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გუნდში, რომელსაც მაშინ ჯინო ლეტიერი ხელმძღვანელობდა, ქართველმა პოლონეთის ჩემპიონატში 29 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა. „კორონასთან“ კონტრაქტის დასრულების შემდეგ, კაჭარავა კვიპროსში გადავიდა, სადაც „ანორთოსისში“ ორი სრული სეზონი ითამაშა. ის 44-ჯერ გამოჩნდა გუნდის მაისურში, 10 გოლის გატანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა“, – იუწყება პოზნანის „ლეხის“ პრეს-სამსახური.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კაჭარავამ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და პოზნანის „ლეხის“ ფეხბურთელი უკვე ოფიციალურად გახდა – საქართველოს ნაკრების 26 წლის თავდამსხმელი კვიპროსულმა „ანორთოსისმა“ ერთწლიანი იჯარით გაუშვა „ლეხში“, რომელსაც ტრანსფერის პრიორიტეტული გამოსყიდვის უფლება გააჩნია.