„ლეხის“ მწვრთნელი - ქულა კვეკვესკირის ფანტასტიკურმა გოლმა მოგვიტანა #1TVSPORT
„ლეხის“ მწვრთნელი - ქულა კვეკვესკირის ფანტასტიკურმა გოლმა მოგვიტანა #1TVSPORT

პოზნანის „ლეხის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან დენ ბრომმა პოლონეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „პიასტთან“ შეხვედრა შეაჯამა და ნიკა კვეკვესკირზეც ისაუბრა, რომლის გოლითაც გუნდმა შეხვედრა გადაარჩინა.

„მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ ძალიან ცუდი მოედანი იყო. ყველამ იცის ჩვენი თამაშის სტილი, მაგრამ მოედნის გამო მისი შეცვლა მოგვიწია. ვცდილობდით, სხვანაირად გვეთამაშა და რისკზე წავედით, ჩვენდა საბედნიეროდ, დღეს გაგვიმართლა.

ყველაფრის გათვალისწინებით, მაინც კმაყოფილები ვართ თამაშით და შედეგით, რადგან საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 1:1 დავასრულეთ და ქულა მოვიპოვეთ. ეს შესაძლებელი გახდა კვეკვესკირის ფანტასტიკური გოლით, რომელმაც ქულა მოგვიტანა“, – ამბობს პოზნანის „ლეხის“ მთავარი მწვრთნელი.

პოზნანის „ლეხი“ „პიასტთან“ გასვლით მატჩს აგებდა და თამაშის გადარჩენა 90+3 წუთზე შეძლო. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა საჯარიმო მოედნის გარედან ბრწყინვალე დარტყმით გაიტანა და პოზნანელებს ქულა შეუნარჩუნა.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს „ლეხი“ მიემგზავრება სტოკჰოლმში კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში „დიურგარდენთან“ განმეორებითი მატჩის გასამართად. პოლონელებს უპირატესობა აქვთ, რადგან პირველი მატჩი შინ 2:0 მოიგეს.