„ლეიმა კორუნამ“ ბექა ბურჯანაძის დახმარებით გიორგი ბეჟანიშვილის „გრანადა“ დაამარცხა #1TVSPORT
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, „ლიგა ენდესის“ რეგულარული სეზონის შეხვედრაში ქართველი კალათბურთელების გუნდების დაპირისპირება შედგა. ბექა ბურჯანაძის „ლეიმა კორუნამ“ გიორგი ბეჟანიშვილის „გრანადას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 93:89 დაამარცხა.
შეხვედრა უშუალო კონკურენტების, აუტსაიდერების დაპირისპირება იყო და განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სატურნირო თვალსაზრისით. ორივე ქართველმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე მნიშვნელოვანი დრო გაატარა.
ბექა ბურჯანაძემ 28 წუთსა და 7 წამში საკუთარ გუნდს 14 ქულა, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა შესძინა. მან 6-იდან 4 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ვერ გამოიყენა, თუმცა ექვსივე საჯარიმო ტყორცნა ზუსტად შეასრულა. 14 ქულა ბურჯანაძისთვის მიმდინარე სეზონის საუკეთესო შედეგია.
გიორგი ბეჟანიშვილმა სტუმართა რიგებში 26 წუთი ითამაშა. მისი მონაგარი 7 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრაა. გიორგიმ 3 ორქულიანიდან 2 ჩააგდო და ორივე საჯარიმო ტყორცნა ზუსტად შეასრულა.
ამ გამარჯვებით „ლეიმა კორუნამ“ 12 ქულა დააგროვა და 27 ტურის შემდეგ ბოლოადგილოსანი აღარ არის. „გრანადა“, რომელსაც ასევე 12 ქულა აქვს, ბოლო, მე-18 ადგილზე დაქვეითდა. „ლიგა ენდესადან“ ბოლო 2 გუნდი გავარდება, რეგულარული სეზონის დასრულებამდე 6 ტური რჩება.