„ლეიკერსს“ სუპერფინალამდე ერთი მოგება აშორებს (ვიდეო)

ორლანდოში გრძელდება ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფები. ლოს ანჯელესლეიკერსს“ სუპერფინალამდე ერთი მოგება აშორებს. ფრენ ფოგელის გუნდმა დასავლეთ კონფერენციის ფინალში რიგით მეოთხე მატჩი „დენვერს“ 114-108 მოუგო და სერიაში 3-1 დაწინაურდა.

ლოს ანჯელესურ გუნდში საუკეთესო კვლავ ენტონი დევისი გამოდგა. მან 34 ქულა მიითვალა. ლებრონ ჯეიმსმა 26 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი დააგროვა. 12 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა დუაიტ ჰოვარდმა.

დენვერელთა შორის ყველაზე მეტი 32 ქულა ჯამალ მარეის ანგარიშზეა. ნიკოლა იოკიჩი 16 ქულას დასჯერდა. 17 ქულა ჰქონდა ჯერამი გრანტს.

მომდევნო, რიგით მეხუთე მატჩი „ლეიკერსსა“ და „დენვერს“ შორის 27 სექტემბერს შედგება.