„ლეიკერსმა“ „როკეტსი“ დაამარცხა და კონფერენციის ფინალს მიუახლოვდა [ვიდეო]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გუშინ ერთი შეხვედრა გაიმართა.  „ლეიკერსის“ და „ჰიუსტონ როკეტსის“ დაპირისპირება ლოს ანჟელესური კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 110:100 დასრულდა და ნახევარფინალში გასასვლელად მხოლოდ ერთი მოგება სჭირდება.

„ლეიკერსმა“, რომელსაც ენტონი დევისმა 29 ქულით და 12 მოხსნით ულიდერა, მესამეს (29:29) გარდა მატჩის ყველა მეოთხედი დამაჯერებლად მოიგო. სამმაგ დუბლამდე ერთი შედეგიანი გადაცემა დააკლდა ლებრონ ჯეიმსს – „მეფემ“ გუნდს 16 ქულა, 15 მოხსნა და ცხრა პასი შესძინა.

კარგი მატჩი ჰქონდა „როკეტსის“ ლიდერ რასელ ვესტბრუკს, რომელსაც ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს და სერიის პირველ ორ დაპირისპირებაში ჩვეულ ფორმაში არ იყო. ვესტბრუკის ანგარიშზე 25 ქულა, სამი მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემაა. ორმაგი დუბლი გაიფორმა ჯეიმს ჰარდენმა – 21 ქულა, ოთხი მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა.

გუნდებს შორის მომდევნო დაპირისპირება 13 სექტემბერს, თბილისის დროით დილის ოთხ საათზე გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში „ლეიკერსი“ კონფერენციის ფინალში გავა. მისი მეტოქე, დიდი ალბათობით, თანაქალაქელი „კლიპერსი“ იქნება, რომელიც „დენვერ ნაგეთსს“ მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიშით 3:1 ამარცხებს.