„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიები მორიგ შეხვედრას გამართავენ
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიები მორიგ შეხვედრას გამართავენ

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში სამოქმედო გეგმაზე მსჯელობისთვის შეკრებას გეგმავენ. „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, განხილული იქნება საპროტესტო აქციების დეტალებიც.

„ოპოზიციური ძალები ვაპირებთ, ვისაუბროთ სტრატეგიაზე, ჩვენს საერთო ნაბიჯებზე. შეთანხმებული ვართ სამოქმედო გეგმაზე, მათ შორის სხვადასხვა ტიპის საპროტესტო აქციების გამართვაზე როგორც ოთხ თებერვალს, ისე მომდევნო დღეებში და მომდევნო კვირებში. ვიმსჯელებთ სხვადასხვა ინსტრუმენტზე, რომელთაც გამოვიყენებთ, რომ ამ ქვეყანაში არსებულ მმართველობის სისტემას და ოლიგარქს, რომელიც მართავს ერთპიროვნულად, შევუქმნათ მაქსიმალური დისკომფორტი. ჩვენი თანამშრომლობა საკმაოდ ნაყოფიერია და კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე უნდა შევჯერდეთ ამ დღეებში“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ოთხ თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნის პარალელურად, ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას გეგმავენ. მათ აღნიშნულ საკითხზე თბილისის მერიას უკვე მიმართეს.