ლეგიონერების რეკორდული შედეგიანობა - ევროპაში, აზიასა და ამერიკაში ქართველებმა 16 გოლი გაიტანეს #1TVSPORT
ქართველმა ლეგიონერებმა სანაკრებო პაუზის შემდეგ სეზონის რეკორდი დაამყარეს – მათ ანგარიშზე 16 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
ჩინეთის სუპერლიგაში ვაკო ყაზაიშვილმა „მეიჟუს“ გაუტანა და „შანდუნის“ მოგებაში თავისი როლი ითამაშა 4:3.
ყაზახეთის პრემიერლიგაში გიორგი ზარიამ „თურანს“ გაუტანა. მისმა „კაირატმა“ კი გასვლაზე 2:1 მოიგო.
უზბეკეთის სუპერლიგაში სამი ქართული გოლი გავიდა: „ყიზილყუმი“-„ოლმალიკის“ დაპირისპირებაში მასპინძლებიდან პენალტი გუჯა ლობჯანიძემ შეასრულა, ხოლო სტუმრებში თავი გიორგი პაპავამ გამოიჩინა. მატჩი პაპავას ოლმალიკმა მოიგო – 3:1.
„ბუნიოდკორი“-„თერმეზის“ (3:1) მატჩში კი მასპინძლებიდან პენალტი იმედა აშორტიას ანგარიშზეა.
სლოვაკეთის II ლიგაში „ზლატე მორავცემ“ „მიკულაში“ 2:1 ლევან ნონიკაშვილის კარგი თამაშით დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა სეზონში მე-7 გოლი გაიტანა. ახალგაზრდა „ჯვაროსნის“ ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემაა. ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ლიეტუვაში „კაუნო ჟალგირისმა“ სტუმრად „შიაულიაის“ 3:2 სძლია – კაუნასელებში სადებიუტო გოლი ქართველი მცველის, ანტონ თოლორდავას ანგარიშზეა.

ბოსნიაში ისევ გაიბრწყინა გიორგი გულიაშვილმა და „სარაევოს“ „იგმანთან“ მოაგებინა (3:0). საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და 16 გოლით (პლუს 4 საგოლე პასი) ბომბარდირებში ლიდერია.
რუმინეთის სუპერლიგაში კი ბუქარესტის „რაპიდთან“ მოგებულ შეხვედრაში (2:1) გოლით გამოირჩა კრაიოვას „უნივერსიტატეის“ ლეგიონერი ანზორ მექვაბიშვილი.

შედეგიანი გამოდგა ქართველებისთვის საფრანგეთის ლიგა 1-ს მორიგი ტური – გიორგი მიქაუტაძემ „სტრასბურს“ გაუტანა, მაგრამ „ლიონი“ მაინც დამარცხდა 2:4. „ჯვაროსნების“ თავდამსხმელმა ზედიზედ მე-5 ოფიციალურ მატჩში 8 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.
„სენტ ეტიენი“-პსჟ-ს (1:6) შეხვედრაში მასპინძლებმა ანგარიში ზურიკო დავითაშვილის პასით გახსნეს, ხოლო პარიზელებიდან მეორე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
ლატვიაში რფს-მა „ლიეპაიას“ 4:1 სძლია – ლაშა ოდიშარიას ანგარიშზე გოლი და ასისტია.
იტალიის სერია B-ში კი „ფროზინონემ“ გასვლაზე „სამპდორია“ 3:0 დაამარცხა, გიორგი კვერნაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე ასისტი ჩაიწერა საბერძნეთის სუპერლიგაში „ოფის“ ქართველმა შემტევმა ლევან შენგელიამ („ატრომიტოსთან“, 1:2).
პოლონეთის ექსტრაკლასაში ოთარ კაკაბაძემ „პუშჩას“ ეფექტური გოლი გაუტანა, ხოლო ქართველის გუნდმა 3:1 მოიგო.
პოლონეთის I ლიგაში თორნიკე გაფრინდაშვილი „არკას“ „ლეგნიცასთან“ მოგებაში (2:0) დაეხმარა.
საგოლე გადაცემა შეასრულა MLS-ში „ნიუ იორკ სიტისთან“ 4:3 მოგებულ მატჩში „ატლანტის“ შემტევმა საბა ლობჟანიძემ.
აზერბაიჯანის პრემიერლიგაში „ზირა“-„შამახის“ (3:0) შეხვედრაში დავით ვოლკოვმა საგოლე გადაცემა ჩაიწერა.