ლეგიონერები | სიგუა შვეიცარიის ჩემპიონობას მიუახლოვდა, გულიაშვილი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა #1TVSPORT
შვედეთის ალსვენსკაში „სირიუსმა“, სადაც საბა მამაცაშვილი თამაშობს, „ჰაკენს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ქართველმა მცველმა შეცვლაზე ითამაშა – საბა მოედანზე 79-ე წუთზე შევიდა.
უნგრეთის ჩემპიონატში ილია ბერიაშვილის მტკ-მ „კეჩკემეტი“ მიიღო და 2:1 სძლია. „ფერენცვაროშთან“ 23 აპრილს დაშავებულ ქართველ მცველს, ზედიზედ მესამე მატჩია, მტკ-ში არ უთამაშია.
სლოვაკეთის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფში „პოდბრეზოვამ“ გურამ კაშიას „სლოვანს“ უმასპინძლა და 1:3 წააგო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა და მაღალი შეფასება, 7.7 ქულა მიიღო. ბრატისლავის „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, სადაც გამოსვლას მეორე საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყებს.
საჩემპიონო ჯგუფში „ჟილინა“ „კოშიცესთან“ გასვლაზე 2:3 დამარცხდა. „ჟილინას“ ქართველმა მცველმა, ალექსანდრე ნარიმანიძემ 58-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ხოლო 76-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.
ტრავმის შემდეგ გიორგი გულიაშვილი „სარაევოს“ შემადგენლობაში დაბრუნდა. ქართველის გუნდმა ბოსნიის ჩემპიონატში „შიროკი ბრიგთან“ საშინაო შეხვედრა 1:2 წააგო. გიორგი მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა, ვასილიოს გორდეზიანი კი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
რუმინეთის სუპერლიგის საჩემპიონო ჯგუფში ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატეამ“ შინ მეორეადგილოსან „კლუჟთან“ მხოლოდ ქულა მოიპოვა – 2:2. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მასპინძელთა შორის მეორე საუკეთესო შეფასება (7.2) მიიღო.
შვეიცარიის სუპერლიგაში გაბრიელ სიგუას „ბაზელი“ გასვლაზე „ლუგანოსთან“ კაცნაკლული დარჩა, მაგრამ 5:2 მოიგო და შვეიცარიის ჩემპიონობას მიუხლოვდა (თუ „სერვეტი“ თავის თამაშს ვერ მოიგებს, „ბაზელი“ ჩემპიონობას ვადაზე ადრე გაინაღდებს). ქართველი ნახევარმცველი სათადარიგოებში დარჩა.
იტალიის სერია A-ში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ“, რომელმაც შინ ერთ-ერთი კონკურენტი „პარმა“ 2:1 დაამარცხა და სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწია. ქართველ მცველს არ უთამაშია, საბა საზონოვი კი კვლავ რეაბილიტაციას გადის.