ლეგიონერები | „მეზოკოვეშდი“ უნგრეთის მთავარი ლიგიდან გავარდა, „ვოლფსბერგერი“ კონფერენს ლიგაზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებს #1TVSPORT
ავსტრიის ბუნდესლიგაში „ვოლფსბერგმა“, სადაც სანდრო ალთუნაშვილი თამაშობს, შინ „ლინცთან“ 0:2 წააგო. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მოედანზე მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა. გუნდმა გავარდნის საფრთხე თავიდან აიცილა და კონფერენს ლიგის პლეი ოფში თამაშის შანსი აქვს.
უნგრეთის ჩემპიონატში (OTP ბანკ ლიგა) „უიპეშტი“, სადაც დავით კობოური თამაშობს, სტუმრად „დებრეცენთან“ 0:1 დამარცხდა, კობოურმა ყვითელი ბარათი მიიღო.
„მეზოკოვეშდში“ შეუცვლელად ითამაშა ილია ბერიაშვილმა, რომლის გუნდმაც სტუმრად მეორეადგილოსან „პაკშთან“ 1:2 წააგო. სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ცნობილია, რომ „მეზოკოვეშდი“ უმაღლესი ლიგიდან გავარდა, ხოლო „უიპეშტმა“ ადგილი შეინარჩუნა.
უკრაინის პრემიერლიგაში დონეცკის „შახტარი“ „ჩერკასს“ ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი დონეცკელების განაცხადში იყვნენ, მაგრამ არ უთამაშიათ, ხოლო ლუკა ლაცაბიძე განაცხადში არ იყო.
ინგლისის ჩემპიონშიფის სეზონის ბოლო საშინაო შეხვედარში გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის გამო ვერ დაეხმარა „უოტფორდს“, რომელმაც „სანდერლენდი“ 1:0 დაამარცხა. ქართველის გუნდმა ლიგაში ადგილი უპრობლემოდ შეინარჩუნა.
ისრაელის ჩემპიონატის გასავარდნთა ჯგუფში ნიკა ხორხელმა 67-ე წუთიდან ითამაშა „ბეითარის“ შემადგენლობაში, რომელმაც გასვლით შეხვედრაში თელ ავივის „ჰაპოელი“ 5:1 დაამარცხა და ლიგაში ადგილი, ფაქტობრივად, შეინარჩუნა.
საბა ხვადაგიანი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია „ნეთანიაში“, რომელმაც გასვლაზე ფეთაჰ თიკვას „მაკაბი“ 2:0 დაამარცხა.
თურქეთის სუპერლიგის 34-ე ტურში „ჰათაისფორში“ არ უთამაშია გიორგი აბურჯანიას. „ჰათაისფორი“ საკუთარ მოედანზე „ბაშაქშეჰირთან“ 1:2 დამარცხდა და გასავარდნ ზონაშია.