ლეგიონერები | კიტეიშვილი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს - ბერიაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ „გრენობლს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 1:1. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და ამჯერად საგოლე მოქმედება არ ჩაუწერია.
ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ მუხრან ბაგრატიონის „გრაცერს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით სძლია – 3:0. ბაგრატიონი განაცხადში არ იყო, ხოლო კიტეიშვილი დაშავდა და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
უნგრეთის ჩემპიონატში ერთმანეთს ქართველი ფეხბურთელების გუნდები დაუპირისპირდნენ. დავით კობოურისა და გიორგი ბერიძის „უიპეშტი“ შინ ილია ბერიაშვილის მტკ-სთან 1:2 დამარცხდა. კობოურმა და ბერიაშვილმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს, ბერიძემ – შეცვლაზე.
ბერიაშვილმა 8.4 ქულა მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მცველმა ბურთი სამჯერ ცარიელი კარიდან გამოიტანა და გუნდი გადაარჩინა.